ახალი ამბები

14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღინიშნება

14 იანვარი, 2016 • 3125
14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღინიშნება

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყება.

08:00 საათზე  ენგურის ხიდზე და  ბათუმში, 10:00 საათზე ახალციხეში, 10:30 საათზე ყაზბეგში, 11:00 საათზე ახმეტაში და ლაგოდეხში, 12:00 საათზე შინდისში და ბოლნისში, 13:00 საათზე მარნეულში სტუდენტები რეგიონის ადმინისტრაციულ შენობენთან სახელმწიფო დროშებს აღმართავენ, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბებიან.

თბილისში 15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს გიორგი მარგველაშვილი შეხვდება, სიტყვით მიმართავს და ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ადმინისტრაციის განცხაზდებით, სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება და სასახლეზე გადმოიფინება დროშები.

გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება  პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები(საზღვაო რუკები), რომლებზეც  საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

 

საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ, თუმცა კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფო დროშის დღე მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.

#ბათუმი 08:00

Posted by Giorgi Margvelashvili on Wednesday, January 13, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი