ახალი ამბები

სამინისტრო ადასტურებს, რომ ნებართვა, სავარაუდოდ, ვან დეიკის ნამუშევრის გატანაზე 2010–ში გასცეს

11 იანვარი, 2016 • 1845
სამინისტრო ადასტურებს, რომ ნებართვა, სავარაუდოდ, ვან დეიკის ნამუშევრის გატანაზე 2010–ში გასცეს

კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი, ბესიკ მაცაბერიძე ჟურნალისტებთან სასუბრისას აცხადებს, რომ 2010 წელს უწყებამ მართლაც გასცა ნებართვა, სავარაუდოდ, ვან დეიკის ტილოს ქვეყნიდან გატანაზე.

მაცაბერიძე ასევე ამბობს, რომ დოკუმენტში ტილოს ავტორი არ არის მითითღებული.

“საკითხი განხილულია მაშინ მოქმედ კომისიის სხდომაზე და ახლავს დასკვნა, სადაც შექმნის ადგილად არის დასახელებული ევროპა, მხატვარი არის უცნობი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო, მეოცეს დასაწყისი არის შექმნის თარიღი და გატანა საზღვარგარეთ არის დასაშვები. ამის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ნებართვა ამ ნამუშევრის გატანაზე, რომელიც გაიცა 2010 წლის 8 დეკემბერს. ამ საკითხებს იხილავდნენ ექსპერტები, კომისიის წევრები და მათ მიიჩნიეს, რომ ეს ნამუშევარი არის 19–20–ე საუკუნის დასაწყისის,”– განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სავარაუდოდ, ვან დეიკის ტილოს საკითხი მედიაში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 8 იანვარს თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ეს ტილო  $14 მილიონად იყიდებოდა. მათივე ცნობით, ევროპიდან მოპარული ტილო თურქეთში საქართველოს გავლით შევიდა. ამ საქმეზე ორი ბიზნესმენია დაკავებული.

9 იანვარს კი თბილისში მცხოვრებმა ეკა აბაშიძემ განაცხადა, რომ ტილო დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ოჯახმა საკომისიო მაღაზიაში იყიდა და შემდეგ,  2010–ში ფინანსური პრობლემების გამო გაყიდა. იგი ასახელებს მყიდველებს, ზაჰირ ჰუსეინოვს და მალხაზ მახარაძეს, რომელთაც ტილო თურქეთში გასაყიდად უნდა გაეტანათ.

ეკა აბაშიძე ამბობს, რომ ამ ადამიანებს ნახატი $37,000-ად მიჰყიდეს, თუმცა, თანხიდან მხოლოდ $7000 მიიღეს.  აბაშიძეს სურს დაამტკიცოს, რომ იგი ტილოს ნამდვილი მფლობელია.

 

ზაჰირ ჰუსეინოვი კი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ ოჯახისგან ტილო კანონიერად იყიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი