ახალი ამბები

ენმ ხელისუფლებას გაზპრომთან ხელშეკრულების გასაჯაროებას თხოვს

11 იანვარი, 2016 • 1242
ენმ ხელისუფლებას გაზპრომთან ხელშეკრულების გასაჯაროებას თხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს გაზპრომთან ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია გეგმავს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით.

პარტიის განცხადება დღეს ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

„საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხისგან დაფარულად აწარმოებს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, რაც ითვალისწინებს რუსული გაზპრომის შემოსვლას საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.

მთავრობის განცხადებები, თითქოსდა აღნიშნული ქმედება ხორციელდება პრაგმატული დივერსიფიკაციის მიზნით, არის სიცრუე: გაზის მოწოდება განხორციელდება გაზპრომის მილსადენით, გაზპრომის სრული კონტროლით და, შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს.

ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ლახავს ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს.

მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად და შეუფერხებლად აწვდიდა ენერგომატარებლებს საქართველოს და არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი რაოდენობის გაზი ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს ჩვენს ქვეყანას.

გაზპრომზე დამოკიდებულება ნიშნავს სიცივეს, გაყინულ საქართველოს, არაპროგნოზირებად და წამგებიან ეკონომიკურ გარემოს, ენერგეტიკული ბერკეტით ქვეყნის შანტაჟს და პოლიტიკურ ზეწოლას, რაც 2006 წელს ერთხელ უკვე განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ.

ენმ მიიჩნევს, რომ რუსულ გაზპრომთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართული არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით”, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის 11 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

8 იანვარს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ქართული მხარე რუსული გაზის მისაღებად კონტრაქტს ამზადებს. ცისკარიშვილის მტკიცებით შეხვედრა კახი კალაძეს და გაზპრომ– ექსპორტის ხელმძღვანელ ელენა ბურმისტროვას შორის 27 დეკემბერს შედგა.

ცისკარიშვილის მტკიცებით დაიგეგმა, რომ საქართველოს ბაზრის 50 % აზერბაიჯანულ გაზს რუსული გაზის ჩაანაცვლებს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს გაერთიანებულ ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი შეადგენს დაახლოებით 40%-ს. 2015 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2.4 მილიარდი კუბური მეტრია. ჯამურ მოხმარებაში, მოსახლეობის წილი 28%-ია, თბოსადგურების- 27%, ხოლო დანარჩენი 43 %- კომერციული სექტორის მოხმარება.

2015 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების გამო არსებულ მწვავე საზოგადოებრივი დისკუსიის თაობაზე რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრაქციამ ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერა გამოაქვეყნა. ამ მიმოწერაში ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აზერბაიჯანულ სოკართან გაფორმებული აქვს გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან.

რაც შეეხება გაზპრომიდან კომერციული სექტორისთვის გაზის მოწოდებას, ენერგეტიკის სამინისტრო ამავე მიმოწერაში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დარეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი