პირდაპირი ჩართვისას მიხეილ სააკაშვილს ბათუმიდან ორი კითხვა დაუსვეს. ერთი კითხვა ეხებოდა აჭარაში სათხილამურო კურორტის განვითარებას და საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და წვრილი მოვაჭრეებისთვის გადასახადების დაწესებას.
პრეზიდენტმა თქვა, რომ წინა წლებთან შედარებით აჭარაში ბევრი რამ გაუმჯობესდა და „ღვთისგან მიტოვებულ“ მხარეს ახალი პერსპექტივები გაუჩნდა.
მისი თქმით, სათხილამურო კურორტს ადგილობრივი მოქალაქეებისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს. მან ასევე თქვა, რომ ბათუმში უფრო მეტი ბრენდ-სასტუმრო იხსნება, ვიდრე ეს არის მოსკოვში. „რაც არ უნდა იქილიკონ ამაზე, ეს ფაქტია,“-თქვა მიხეილ სააკაშვილმა,“-კემპინსკი, შერატონი, ჰილტონი, ჰაიატი და ა.შ. ეს სასტუმროები უახლოეს მომავალაში გაიხსნება ბათუმში.“ მისივე თქმით, ამ მშენებლობებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
პრეზიდენტისვე თქმით, სათხილამურო კურორტების მშენებლობა აჭარაში უკვე დაწყებულია. აჭარის ხელისუფლებას უკვე მოძიებული აქვს თანხები ახალი, ორი საბაგირო გზის ასაშენებლად. მისივე ინფორმაციით, მილენიუმის პროგრამიდან მიღებული ფინასებით აშენდება აჭარა-გოდერძის უღელტეხილი – სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ასევე აჭარლების დასაქმებას და რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მესტიაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლია. ამერიკელი ჟურნალისტები ჩამოდიან და სტატიას წერენ მესტიაზე,“- თქვა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მსგავსი წარმატება მომავალში აჭარის სამთო საკურორტო ზონასაც ექნება.
მიხეილ სააკაშვილმა სარფის საბაჟოს მოდერნიზებაზეც ისაუბრა: „სარფის ახალი საბაჟო იქნება ძალიან მაგარი, ავანგარდული. თურქეთთან გავაერთიანეთ კომპიუტერული სისტემები და გამარტივებდა მიმოსვლა. 1 საათზე ნაკლები პროცედურა სჭირდება განბაჟებას.“
მისივე თქმით, მას წვრილი მოვაჭრეების ძალიან კარგად ესმის: „ბათუმში არის კარგი მაღაზიები. ჩვენ უნდა შევქმნათ ცივილიზებული სისტემა. სამომავლოდ ისინიც (წვრილი მოვაჭრეები) იპოვნიან იქ (ამ სისტემაში) თავიანთ ადგილს. ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები, რომლებიც უნდა გადავიხადოთ,“- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.