დღეს, 25 იანვარს, 17:00 საათზე, გმირთა მოედანზე ვეტერანთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართება, რომელიც თბილისის ფორუმზე მოქალაქეების ნაწილმა დაგეგმა.
ფორუმელების თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება. ფორუმელები აქციის დაგეგმვის დროს ითხოვდნენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვეტერანთა აქციის დარბევა გააშუქოს (დაგვიანებით), დაარსდეს ვეტერანთა დღე, შეიქმნას ვეტერანთა დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია იქნება, შემუშავდეს ყველა ომის ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების რეაბილატაციის “სტანდარტული” გეგმა, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის ორგანო გახდება, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად სრულდება ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია და სოციალური დაცვა, მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად და სახალხოდ მოიხადოს ბოდიში დარბევის გამო, აშენდეს ვეტერანთა სახლ-მუზეუმი. დაისაჯონ კონსტიტუციის 25–ე მუხლის დამრღვევი პირები, წლების განმავლობაში ე.წ. უგზო–უკვლოდ დაკარგულები აღიარონ გარდაცვლილებად, შესაბამისად, მათ ოჯახის წევრებს დაენიშნოს დახმარება, სახელმწიფომ უზრუნველყოს შეიარაღებული ძალებისა და შსს ვეტერანების და ბრძოლაში დაცემულთა ოჯახის წევრებისთვის ღირსეული არსებობა, ჩააბარებინონ გამოცდები იმ უფროს ოფიცრებს, ვინც უსაფუძვლოდ დაითხოვეს ჯარებიდან, გარდაცვლილების ოჯახებს დაუნიშნონ შესაბამისი შემწეობა.
მოქალაქეთა მოთხოვნები, სავარაუდოდ, იგივე რჩება.
ასევე, სავარაუდოდ, აქციაზე სიმბოლურად გაუშვებენ საჰაერო ბურთს წარწერით ,,25’’, იმის გამოსახატავად, რომ 3 იანვარს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოშიმშილე ვეტერანთა აქცია უკანონოდ დაარბიეს და დაარღვიეს კონსტიტუციის 25-ე მუხლი. კონსტიტუციის ამ მუხლის მიხედვით, სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლების გარდა, ყველა პირს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გარანტირებული აქვს.
ომის ვეტერანები გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ, შიმშილობის აქციას 27 დეკემბრიდან მართავდნენ. 3 იანვარს აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.
ამ აქციით ისინი ცდილობდნენ, ხელისუფლების ყურადღება მიექციათ მათი მძიმე სოციალური პირობებისა და იმ “ღირსების შემლახავი” დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს. ვეტერანები შიმშილობის აქციის დასრულებას 2011 წლის 6 იანვარს გეგმავდნენ, მაგრამ 3 იანვარს პოლიციამ ისინი დაშალა. შეხლა-შემოხლის შედეგად პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მოშიმშილე ვეტერანები. 4 იანვარს საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულებს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო წაუყენეს. სასამართლომ თითოეულ მათგანს 400– ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ვეტერანთა აქციის დროს პოლიციის თანამშრომელმა ოთარ გვენეტაძემ სახეში ხელი გაარტყა ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლეს, ეკა მათიაშვილს. ოთარ გვენეტაძე მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ვეტერანების აქციის დარბევასთან დაკავშირებით შსს-მ გაავრცელა განცხადება მალევე გაავრცელა..
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე. აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პირი, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ნეტგაზეთს უთრა, რომ ასეთი მოთხოვნა ცალსახად უკანონოა და სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ უფლება, მომიტინგეებისთვის კარვების აღება მოეთხოვათ, რადგან „კარვის და კონსტრუქციის გამოყენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუკი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხდება, რასაც ადგილი არ ჰქონია“.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ 3 იანვრის აქციის დაშლის ვიდეომასალაში ვერ ნახა აქციის მონაწილეების მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის რაიმე დარღვევა.
ვეტერანების დაკავების მეორე დღეს, 4 იანვარს, ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ. თუმცა, იქვე მობილიზებულმა 100-მდე პოლიციელმა ხალხს მემორიალთან შეკრების უფლება არ მისცა და ისინი ვარაზის ხევისკენ გაუშვა. აქციაც ვარაზის ხევზე გაიმართა. პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული და მემორიალთან აქციის მონაწილეებს ჩასვლის საშუალებას არ აძლევდა. ვეტერანების მხარდამჭერი აქცია თბილისში, გმირთა მოედანზე, მას შემდეგ არ გამართულა.
თვითონ ვეტერანები დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ჩვენ ყოველ სამშაბათს, პირველ საათზე, ქაშუეთთან აქციას ისედაც ვმართავთ ხოლმე. მოთხოვნაც უცვლელია–ჩვენი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, –აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ვეტარანთა ორგანიზაციის წარმომადგენელი სოსო მესტიაშვილი.