ახალი ამბებისაზოგადოება

კანონპროექტი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების” შესახებ ბავშვთა უფლებების დასაცავად

5 იანვარი, 2016 • 3373
კანონპროექტი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების” შესახებ ბავშვთა უფლებების დასაცავად

“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების” შესახებ საქართველოს პარლამენტში ახალი კანონპროექტის განხილვა იგეგმება. კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

კანონპროექტის მიღების მთავარ მიზნად ავტორები აქამდე შესაბამისის სტანდარტების არარსებობას ასახელებენ. როგორც პროექტის განმარტებით ტექსტშია ნათქვამი, არ არსებობს ერთიანი სტანდარტები სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამების, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნისათვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში:

“ეს საკითხები სათანადოდ ვერ რეგულირდება ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მიერ, რაც იწვევს განსხვავებულ მიდგომებს და არათანაბრ პირობებს ბავშვებისათვის ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ. ამ მოცემულობამ დღის წესრიგში დააყენა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს მარეგულირებელი ერთიანი სამართლებრივი აქტის მიღების აუცილებლობა.

კანონპროექტის თანახმად, არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს. არსებობს მხოლოდ ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მე-16 მუხლი) რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, სხვა უფლებამოსილებებს შორის, არის „მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ეს სფერო, მიუხედავად იმისა, რომ მოიცავს თემებისა და საკითხების ძალიან ფართო სპექტრს, არ არის დარეგულირებული და მოწესრიგებული კანონის დონეზე; ამ სფეროში ცენტრალური ხელისუფლების როლი და კომპეტენცია არ არის გასნაზღვრული.

კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, მისი მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის ჩამოყალიბება, აღნიშნული სფეროს მარეგულირებლი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა საერთაშოროისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის 28-ე და 29-ე მუხლების მოთხოვნებთან;

კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე.

კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას ყველა ბავშვისათვის, ანუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა. კანონპროექტით განმტკიცებულია პრინციპი, რომლის თანახმად, დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან/და დამამცირებელი მოპყრობა. კანონპროექტით განმტკიცებული ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა სრული ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით ადრეული და სკოლამდებლი განათლების დაწესებულებებში იქმნება საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას.

კანონპროექტით ხდება ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავლდებულო წესის შემოღება; ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს. კანონპროექტის მიხედვით, ავტორიზაციის წესს, რომელიც საერთ იქნება ყველა მუნიციპლაიტეტისთვის, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

დაწესებულებების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობა-ნაგებობების მოწყობა და აღჭურვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის შესაბამის ნორმატიულ აქტს; დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს; დაწესებულებებში სურსათის უვნებლობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს; დაწესებულებებში ადამიანური რესურსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტს და დანარჩენი თანამშრომლებისთვის მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილ სტანდარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი