საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, 4 იანვარს, კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში გამართულ ტრაპეზზე დაბადების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ინიციატივამ მრავალშვილიანი ოჯახების შვილების მონათვლის შესახებ დემოგრაფიულ სურათზე დიდი გავლენა იქონია.
ილია მეორეს გუშინ 83 წელი შეუსრულდა. მისი დაბადების დღის აღსანიშნავად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშვილის საშობაო – შემოქმედებით საღამო ჩატარდა. ამის შემდეგ საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზი გაიმართა, სადაც მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.
“თქვენო უწმინდესობავ, მინდა ერთი ესემესი წავიკითხო, რომელიც დღეს დილით თეა წულუკიანმა მომწერა. ეს არის 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაბადება არის თითქმის 60 ათასი, გარდაცვალება 48 ათასი. ანუ, დაახლოებით 11 ათასით მეტია დაბადებულების რიცხვი. ბოლო 3 წელია, როგორც ქალბატონი თეა მწერს, ეს ტენცენცია გრძელდება. ალბათ, სავარაუდოდ- და მე არ მგონია, ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდეს- ის, რომ თქვენ დაინათესავეთ მთელი საქართველო, თქვენი ინიციატივის შედეგად, როდესაც თქვენ შემოიღეთ მრავალშვილიანი ოჯახების შვილების ნათლობა, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოში დემოგრაფიულ სურათზე. მარტო ეს ინიციატივა თქვენ ისტორიაში შეგიყვანდათ, რომ არა ასობით ამის მსგავსი კიდევ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვან ასეთი შინაური, ოჯახის წევრი გახდით ყველა ქართველისათვის და არა მარტო ქართველისათვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის,”– მიმართა კვირიკაშვილმა პატრიარქს.
საქართველოს სტატიასტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წელს დაბადებულთა რაოდენობა 11 548–ით აღემატებოდა გარდაცვლილთა რაოდენობას ( 60 635 დაბადებული და 49 087 გარდაცვლილი) 2013 წელს – 9 325–ით (57 878 დაბადებული და 48 553 გარდაცვლილი); 2012 წელს – 7 683–ით – ( 57 031 დაბადებული და 49 348 გარდაცვლილი).
პატრიარქის დაბადების დღე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაურმა პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო შემოქმედებითი საღამო – „მიყვარხართ“ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
Posted by Giorgi Kvirikashvili on Monday, January 4, 2016