ახალი ამბები

2015 წელს 110 ჟურნალისტი მოკლეს

3 იანვარი, 2016 • 1976
2015 წელს 110 ჟურნალისტი მოკლეს

რეპორტიორები საზღვრების გარეშე წერს, რომ 2015 წელს მოკლეს 110 ჟურნალისტი, მათ შორის, 67 საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, დანარჩენი 43–ის მკვლელობის მიზეზი გაურკვეველია.

2014–ში ჟურნალისტური საქმიენობის გამო მოკლულთა რიცხვი ოდნავ ჩამორჩებოდა 2015 წლის მაჩვენებელს და 66-ს შეადგენდა. 2012 წელს ჟურნალისტური საქმიანობის გამო 87 ადამიანი მოკლეს, 2013–ში კი – 71.

ორგანიზაციის ცნობით, 2005 წლიდან მოყოლებული საკუთარი საქმიანობის გამო 787 ჟურნალისტი მოკლეს.

2015 წელს ყველაზე მეტი – 11 ჟურნალისტი მოკლეს ერაყში, 10 – სირიაში, 8 – საფრანგეთში.  საფრანგეთში მოკლული ჟურნალისტების ასეთი მაღალი მაჩვენებელი შარლი ებდოზე ტერორისტული თავდასხმის გამო დაფიქსირდა.

2015 წელს მძევლად არის აყვანილი  54 ჟურნალისტი: 26 – სირიაში, 13 – იემენში, 10 – ერაყში, 5 – ლიბიაში.

დაპატიმრებულია 153 ჟურნალისტი: 23 –ჩინეთში, 22 – ეგვიპტეში, 18 – ირანში, 15 – ერიტრეაში, 9 – თურქეთში, 66– მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი