ახალი ამბები

ევროპული შობა ქართული საშობაო ხეებით

2 იანვარი, 2016 • 4769
ევროპული შობა ქართული საშობაო ხეებით

ევროპისთვის მომგებიანი საშობაო ხეების ბიზნესი, წესით, ქართული ბიუჯეტისთვისაც სარგებლის მომტანი უნდა იყოს. თუმცა ციფრები გვიჩვენებს, რომ საქართველოდან ყოველწლიურად საშუალოდ 39 ტონა ხის თესლი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაფარვის გარეშე გადის. სახელმწიფოს კი ამ პროცესის გაკონტროლება არ შეუძლია.

ამბროლაურის რაიონის სოფელი თლუღი  ევროპისთვის კავკასიური სოჭის (Abies Nordmanniana) თესლის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, რადგან ხის ეს ჯიში საქართველოსთვის ენდემურია და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.  

რაჭა კი, საიდანაც ევროპული საშობაო ხეების ბიზნესი იწყება, ევროპული ცხოვრების დონეს მკვეთრად ჩამორჩება. ამბროლაურში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 4 200 ლარია. ადგილობრივებისთვის “გირჩას რთველი,” როგორც თავად უწოდებენ, შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო უნდა იყოს. ევროპული კომპანიები მათ ქართველ პარტნიორებს ერთ კილო თესლში 105 ლარს უხდიან. რაჭველი მკრეფავები კი ერთი კილო გირჩის მოკრეფაში საშუალოდ 1.50 ლარს იღებენ. თლუღელები  უკმაყოფილებას გამოთქვამენ გირჩის დაბალი ფასის გამო. არც ის მოსწონთ, რომ ბიზნესი მთლიანად უცხოელების ხელში გადავიდა, ტყეები გასხვისდა და მათ ამ ბუნებრივი რესურსიდან საკმარისი შემოსავალი არ აქვთ.

1 კგ თესლის მოპოვების, დამუშავებისა და დანიაში ტრანსპორტირების ღირებულება 36 ლარია. ევროპულ ბაზარზე თუ მხოლოდ 1 კგ თესლს შეიძენთ, მისი ფასი საშუალოდ 250 ლარია. 100 კგ-ზე მეტის ყიდვის შემთხვევაში კი, საშუალოდ 184 ლარი.

რატომ არ იხდიან მეწარმეები ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელს?

მოსაკრებელი 1 კგ გირჩისთვის 60 თეთრია. გაცემული ლიცენზიების მიხედვით გირჩას ამბროლაურის რაიონსა და ბორჯომ-ბაკურიანში მოიპოვებენ. ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ გადასახადებს მეწარმეები პატიოსნად არ იხდიან. ყოველწლიურად ქვეყნიდან საშუალოდ იმაზე 4-ჯერ მეტი რაოდენობის თესლი გადის, ვიდრე მოსაკრებელის თანხაა გადახდილი.

სახელმწიფოს მხრიდან სოჭის გირჩის მოპოვებისა და ქვეყნიდან გატანის პროცესი შემდეგი სქემით კონტროლდება:

  1. გირჩის მოპოვებისა და ექსპორტირების მსურველს უნდა ჰქონდეს ლიცენზია ან ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მას უფლებას აძლევს მოიპოვოს გარკვეული რაოდენობის გირჩა ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
  2. გირჩის კრეფის დაწყებამდე მეწარმე ადგილობრივი სატყეო დეპარტმანეტის წარმომადგენლებისგან იღებს სატყეო უბნის მიღება-ჩაბარების აქტს;
  3. კრეფის დასრულების შემდეგ მეწარმემ უნდა მიმართოს სატყეო უბანს და მიიღოს გირჩის ტრანსპორტირების დოკუმენტი. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე ამბობს, მეტყევეები თვალის ზომით აფასებენ მოკრეფილი გირჩის რაოდენობას და ამის საფუძველზე გასცემენ ტრანსპორტირების დოკუმენტს. ხანდახან ორი თვის დაგვიანებითაც კი, მას შემდეგ, რაც მეწარმე გირჩას უკვე გადაიტანს დამუშავებისთვის განკუთვნილ ადგილზე. ამ შემთხვევაში რთულია დადგინდეს რეალურად რამდენი კილო გირჩა მოიპოვა მეწარმემ;
  4. მეწარმეს არ ეძლევა კონკრეტული დოკუმენტი, სადაც წერია რამდენი კილო გირჩა მოკრიფა მან ამა თუ იმ სატყეო უბანში. შესაბამისად, იგი მიდის და ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელს იმდენი კილო გირჩისთვის იხდის, რამდენიც თავად უნდა;
  5. გაზაფხულზე ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგინოს წლიური ანგარიში, სადაც წერია, თუ რამდენი კილო გირჩა მოიპოვა მან გასულ სეზონზე, რამდენი კილო თესლი მიიღო გადამუშავების შემდეგ და რა რაოდენობა გაგზავნა საზღვარგარეთ; რიგ შემთხვევებში ანგარიშებში მეწარმეების მიერ მითითებული გირჩის რაოდენობა და მათ მიერ გადახდილი მოსაკრებელი ერთმანეთს არ ემთხვევა. თანაც,  ამ ანგარიშს სამინისტროს არ წარუდგენენ ის პირები, ვინც ლიცენზიას არ ფლობენ, მაგრამ ლიცენზიის მფლობელისგან მიღებული ნებართვით თესლს მაინც გზავნიან ქვეყნის გარეთ. მათ მიერ ქვეყნიდან გატანილი თესლის რაოდენობა სრულიად უკონტროლოა;
  6. საზოგადოებას, მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც ამ შემთხვევაში ლიცენზიანტების მაკონტროლებელი ორგანოა, არ აქვს უფლება გაიგოს, რა რაოდენობის თესლს გზავნიან კონკრეტული კომპანიები თუ ინდივიდუალური მეწარმეები საზღვარგარეთ. შემოსავლების სამსახური ამ ინფორმაციას ბიზნესსაიდუმლოებად მიიჩნევს. ჩხობაძე ამბობს, რომ მათ გამოითხოვეს შემოსავლების სამსახურიდან ეს მონაცემები, თუმცა ვერ მიიღეს.

    გარემოს დაცვის სამინისტროში იციან, რომ სოჭის გირჩის მომპოვებლები ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელს სრულად არ იხდიან. „მეწარმეებმა თვითნებურად გადაწყვიტეს გადაიხადონ მოსაკრებელი იმ რაოდენობისთვის, რასაც რეალურად მოიპოვებენ. კანონის მიხედვით კი, მათ მოპოვების უფლების მიღებამდე, წინასწარ უნდა გადაეხადათ ლიცენზიით გათვალისწინებული მთელი მოცულობისთვის. ამას არავინ აკეთებს. ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დღეს შევძლებთ იმის გაკონტროლებას, თუ რამდენი კილო გირჩა მოკრიფა ამა თუ იმ პირმა ტყეში, რამდენისთვის გადაიხადა მოსაკრებელი და რამდენი კილო თესლი გაიტანა ქვეყნის გარეთ. გამოდის, რომ მოსაკრებელის გადახდა მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,“ – გვეუბნება ჩხობაძე.

    კანონში ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელის შესახებ წერია, რომ თანხა გადახდილი უნდა იყოს წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე. თუმცა ჩხობაძე აღნიშნავს, რომ ეს ნორმა მთლად ლოგიკური არაა, რადგან შესაძლოა მეწარმემ ცუდი მსხმოიარობის ან სხვა პირობების გამო ბუნებრივი რესურსით ყოველ წელს ვერ ისარგებლოს და თანხა ტყუილად უნდა გადაიხადოს.

    ლევან დოლიძე შპს „ჯადვარი აბიესის“ დირექტორია. მისი კომპანია რაჭასა და ბორჯომში გირჩას უკვე 20 წელზე მეტია მოიპოვებს და სოჭის თესლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. „სამინისტროს ბრძანებაში არაფერი წერია მოსაკრებელის გადახდის წესზე, ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, როდესაც ლიცენზიები შევიძინეთ. ახლა კი ფიზიკური და ფინანსური რესურსი არ ჰყოფნის გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ ადგილზე გააკონტროლოს, ვინ რამდენს კრეფს. ჩვენ ღია ვართ ამ კონტროლისთვის, მე ვთხოვ ხოლმე მათ წარმომადგენლებს, რომ შეამოწმონ ჩვენი საქმიანობა. ისევე როგორც საბაჟოზე ვთხოვ ხოლმე მებაჟეებს, შეამოწმონ დოკუმენტაცია სათანადოდ. 22 წელია ამ სფეროში ვარ და მხოლოდ ორჯერ შემხვდა ისეთი მებაჟე, რომელიც მართლა დაინტერესდა რას ვგზავნიდი, რამდენს და რომელი დოკუმენტების საფუძველზე,“ გვეუბნება დოლიძე.

    მთავრობის N21-ე დადგენილების მიხედვით, პირს, რომელიც 5 კგ-მდე თესლს გზავნის ქვეყნიდან, ლიცენზია არ სჭირდება. უფრო დიდი ოდენობით თესლის გაგზავნისას კი საბაჟოზე ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარადგინოს ლიცენზია. არალიცენზიანტ პირს კი საბაჟოზე თან უნდა ჰქონდეს ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება და ლიცენზიის ასლი.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მივიღეთ იმ კომპანიებისა და კერძო პირების სია, რომლებიც თესლის ექსპორტს ეწევიან. სიაში 8 ისეთი კომპანია და ინდმეწარმეა დაფიქსირებული, რომელთაც ლიცენზია სამინისტროსგან არ შეუძენიათ. ისინი ყოველწლიურად აფორმებენ ხელშეკრულებას ლიცენზიის მფლობელებთან და ქვეყნიდან გირჩა ამ დოკუმენტის საფუძველზე გააქვთ.

    შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიურად საქართველოდან საშუალოდ 53 ტონა თესლი გადის (2009-2014 წლის მონაცემები).

    53 ტონა თესლის მისაღებად 530 000 კგ გირჩაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში მისმა მომპოვებლებმა 318 000 ლარი უნდა შეიტანონ, როგორც ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გირჩის მოპოვების სანაცვლოდ ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელის სახით საშუალოდ 120 000 ლარს იღებს.

    მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნით ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც მივმართეთ. პირველ ჯერზე გვიპასუხეს, რომ სოჭის გირჩის მოპოვებასა და გადახდილ მოსაკრებელზე ინფორმაციას არ ფლობდნენ. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ფინანსური სამსახურის თანამშრომლებს კონკრეტული კომპანიების მიერ სხვადასხვა წლებში მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარვუდგინეთ, განაცხადეს, რომ მათ ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისთვის ერთი საბანკო ანგარიში აქვთ და ამ თანხების დახარისხება არ ხდება. ჩვენ გამოვითხოვეთ დაუხარისხებელი ინფორმაცია, რომელსაც თურმე დახარისხება საერთოდ არ სჭირდება, რადგან ამ სახის მოსაკრებელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მხოლოდ სოჭის გირჩის მომპოვებლები იხდიან.  

    მაყვალა კუჭავა, შპს “მანას” მფლობელი სოჭის გირჩას ამბროლაურშიც მოიპოვებს და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანშიც. კუჭავა ამბობს, რომ ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია და ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი ხარჯია.

    ლევან დოლიძე კი ამბობს, რომ მოსაკრებელის ოდენობა თავიდანვე მცდარი მეთოდით გამოითვალა, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროპის ბაზარზე არსებული რეალური მდგომარეობა. „არაუშავს მოსაკრებელის ამ ოდენობას, ჩვენ შეგვიძლია მისი გადახდა. ასე რომ ვთქვათ, ბიზნესი ჯერ სუნთქავს ამ პირობებში.“

    სადავო ლიცენზიები

    1990-იანი წლებიდან მოყოლებული გირჩის მოპოვება შემდეგი  წესით მიმდინარეობდა: ყოველი სეზონის დასაწყისში გაიცემოდა ე.წ. ბილეთი, რომლის საფუძველზე მეწარმეებს შეეძლოთ მოეგროვებინათ ბუნებრივი რესურსის წინასწარ განსაზღვრული ოდენობა.

    ამ ბიზნესში ლიცენზიების გაცემა სახელმწიფომ პირველად 2007 წელს სცადა. აუქციონი თითქმის ჩაიშალა და ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი ლიცენზიის გაყიდვა შეძლო. 20 წლის მანძილზე თლუღის ტყეში გირჩის მოპოვების უფლება შპს „გონს“ გადაეცა. ლიცენზიის ფასი 600 000 ლარი იყო. მოგვიანებით შპს „გონმა“ ლიცენზია დანიურ კომპანიას „ებიეს ფროს“ გადასცა. თანხაც მათმა ქართველმა წარმომადგენელმა  გადაიხადა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე. თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ორგზის მოწოდებულ ქვითრებში თანხის გადახდა არ ჩანს.

    2009 წელს სახელმწიფომ განმეორებითი აუქციონი ჩაატარა. ლიცენზიების ვადა 10 წლით განისაზღვრებოდა და 1 ტონა გირჩა საშუალოდ 5 000 ლარად იყო შეფასებული. აუქციონის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, შპს „ებიეს ფროს“ ლიცენზიით გათვალისწინებული მოცულობა 190 ტონამდე გაეზარდა.

    შპს „ფეარ თრიიზის” დამფუძნებელი დანიელი მარიანე ბოლსი ამბობს, რომ სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო. „აუქციონამდე ეს ინფორმაცია რომ გვქონოდა, აღარ ვიყიდდით ლიცენზიებს, რადგან 190 ტონა გირჩით მათ სრულად შეუძლიათ დააკმაყოფილონ ევროპის ბაზარი. ჩვენს კონკურენტ კომპანიას უფლება აქვს 190 ტონა გირჩა მოაგროვოს 20 წლის მანძილზე, მაშინ როცა ადგილობრივმა და უცხოელმა ბიზნესმენებმა დიდი თანხა გადავიხადეთ 10 წლიან ლიცენზიებში ყველა წესის დაცვით. ამ ქმედებით სახელმწიფომ დაკარგა დიდი რაოდენობით თანხა. ახლა კი ევროპული ბაზარი გადატვირთულია იაფი თესლით. თუ როგორ გადის ეს თესლი ქვეყნიდან არ არის გამჭვირვალე, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სახელს ევროპულ ბაზარზე. ეს იყო წინა მთავრობის გადაწყვეტილება, ახლანდელმა ხელისუფლებამ კი უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესები და ევროკავშირის მოთხოვნები,“ – გვწერს მარიანე ბოლსი.  

    ლევან დოლიძე, ამჟამად კომპანიის წარმომადგენელი, მარიანე ბოლსს პასუხობს, რომ მათთვის ეს ლიცენზია უფასოდ არავის მიუცია და  განკუთვნილი თანხა უკვე გადაიხადეს.

    ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 34 ლიცენზიაა მოქმედი, რომელთა საშუალებით საქართველოში მაქსიმუმ 872 ტონა გირჩის მოპოვებაა შესაძლებელი.

    შპს “ნეიტრალი”, ჯამში, ოთხ ლიცენზიას ფლობს, ორს ამბროლაურის სატყეო უბანში, ორს კი- ბორჯომ-ბაკურიანში. საერთო ჯამში, კომპანიამ ლიცენზიებში 94 ათას ლარამდე თანხა გადაიხადა. ნინო ჩხეიძე, კომპანიის მფლობელი ამბობს, რომ ლიცენზიების თანხა ხელოვნურად იყო გაზრდილი და ბიუჯეტის ერთჯერადად შევსებას ისახავდა მიზნად.

    ჩხეიძის აზრს იზიარებს მაყვალა კუჭავაც, რომელმაც ორი ლიცენზია 312 ათას ლარად შეისყიდა. მის კომპანიას, შპს “მანას” უფლება აქვს ბორჯომ-ბაკურიანსა და ამბროლაურის რაიონებში, საერთო ჯამში, 60 ტონა გირჩა მოიპოვოს. “კავასიური სოჭი ხანდახან კარგ მოსავალს იძლევა, ხანდახან საერთოდ არ ისხამს. ახლა ჩვენ გვაქვს ლიცენზიები ნაყიდი ათი წლის ვადით. ეს თანხა შეიძლება ამ ათ წელიწადში საერთოდ ვერ ამოვიღოთ ბიზნესიდან, რადგან არის შანსი, რომ მოსავალი არ მოვიდეს. ეს არავინ გაითვალისწინა, აწიეს ფასები (ლიცენზიის), მთავარი იყო ბიუჯეტი შეევსოთ,” ამბობს კუჭავა.

    როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, ლიცენზიის საფასური ნაწილობრივ გადახაიდა შპს „ტაომ.“ კომპანიამ სოჭის გირჩას ამბროლაურსა და ბორჯომ-ბაკურიანში მოპოვების ლიცენზია 2011 წელს მიიღო. სანაცვლოდ მათ 300 000 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა სამინისტროს მხოლოდ 66 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები აქვს.

    შპს „ტაოს“ ვანო მერაბიშვილის ბიძა, ლევან თუმანიშვილი ფლობს. თუმანიშვილი 2012 წელს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ხე-ტყის უკანონო ჩეხვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით. მოგვიანებით კი იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    ჩვენ ვცადეთ კომპანიის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ დოკუმენტებში მითითებულ  ტელეფონის ნომერზე დაკავშირება. გვიპასუხეს, რომ შპს „ტაოს“ წარმომადგენლებს არ აქვთ დრო ჩვენთან ურთიერთობისთვის და არანაირ კითხვას არ უპასუხებენ.

    ***

    ლაშა სოფრომაძე 39 წლისაა და სოფელ თლუღში ცხოვრობს. დედა ეუბნებოდა, რომ ჩვილს ნაძვის ხის ქვეშ აწვენდნენ, ვიდრე მშობლები გირჩას კრეფდნენ. როცა წამოიზარდა 40 მეტრის სიმაღლის ხეზე ასვლა თვითონაც ისწავლა. ახლა შპს „ჯადვარი აბიესის“ მიერ დაქირავებული მკრეფავია. ლაშა ყოველწლიურად კრეფს გირჩას და საშუალოდ 1 კგ-ში 1.5 ლარს უხდიან. მისი ანაზღაურება მოკრეფილი გირჩას რაოდენობაზეა დამოკიდებული. მან იცის, რომ ევროპას საშობაო ხეებით ამარაგებს, თუმცა არ იცის, რამდენად ფასობს მის მიერ მოკრეფილი გირჩის თესლი იქაურ ბაზარზე. როცა ვეუბნებით, რომ ვაჭრობისთვის განკუთვნილ ევროპულ საიტებზე 10 ცალი თესლი  5 ლარზე მეტი ღირს, ხელს იქნევს და ამბობს, რომ მის შრომას ფასი არ აქვს.

    რაჭველი მკრეფავი ბერდია კუბლაშვილი თლუღის ტყეში; ფოტო: მიქაელ ჰეკ

    რაჭველი მკრეფავი ბერდია კუბლაშვილი თლუღის ტყეში; ფოტო: მიქაელ ჰეკ

მასალების გადაბეჭდვის წესი