ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, რომ ძველი აჭარული ახალი წლების შესახებ მოგიყვეთ. იმ ახალი წლების, რომლებიც ნენეს მეხსიერებაში დარჩა და ულევ მოგონებას, ტრადიციას, ადამიანებს, სიხარულსა და სევდას იტევს. ეს არის ამბავი ძველი, სულ სხვა ახალი წლების შესახებ. იმ წლების, რომლებიც ოდესღაც იყო და მერე უკანმოუხედავად გაქრა წარსულში.
თავდაპირველად იყო ბავშვობა და ბავშვობის ახალი წლები, ნენეს დედა, დიდი ბებია და საახალწლოდ ბავშვებისთვის ტკბილეულის სახით მომზადებული ყათმერი. ახალი წლის მოსვლის აღსანიშნავად ნასროლი თოფი. მოხარშული სიმინდი, ღომი და ქათმის კვერცხი. ნალიიდან უხვად ჩამოტანილი ხილით ავსებული ტაბლა და ბევრი ძველი ამბავი. დილით, ახალი წლის პირველ დღეს, სტუმრად მოსული ყაბალახიანი კაცები, რომლებიც ტკბილად ულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელს და თან თამბაქოს შეექცეოდნენ მერდევანზე (კიბეზე).
მერე მეუღლე, ოჯახი და შვილები. ერთი სახლი, ბევრი ოთახი და ერთი ოთახი ამ ბევრი ოთახიდან. ორი სექვი (ტახტი) და ლაზური ბუხარი, სადაც ახალი წლის ღამეს არასდროს ნელდებოდა ცეცხლი. სექვზე ჩამომსხდარი შვილები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ყათმერისა და ურმის (ტკბილეული) მომზადებას. ისევ მოხარშული სიმინდი, ბრინჯი, ყავა, ბეთმეზი, ლეჩერი, ხილი და, საახალწლოდ გაწყობილ ტაბლაზე ადგილი აღარ იყო თავისუფალი.
კიდევ? კიდევ ბაბუა და ბაბუას ძმები, რომლებიც იმავე სახლის სხვა ოთახებში ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. ახალი წლის პირველი მილოცვა და ბუხრის წინ დაწყებული ძმების დაუსრულებელი მასლაათი დილამდე. შუაღამითვე სოფლის შუაგულიდან მოსული ნათესავი და ერთადყოფნის სიხარული. დილით ახორში (ბოსელში) პირუტყვის მონახულება და ბრინჯითა თუ ხაპის გულით შესრულებული ბერექეთის (ბარაქა) რიტუალი.
ნენეს მეხსიერებაში დარჩენილი მშვიდი ახალი წლები ხან თოვლით და ხანაც მოწმენდილი ცის თანხლებით მოდიოდა. ახალი წლის მყუდროებას ღამით მხოლოდ თოფების სროლა და ძაღლების ყეფა არღვევდა. ძაღლების ყეფას სისხამ დილიდან მამლების ყივილი ანაცვლებდა. ბევრჯერ თოვდა, ბევრჯერაც წვიმდა და კიდევ უფრო ბევრჯერ მოწმენდილი ცით ხვდებოდნენ სოფლად ახალ წელს. თითქმის ყოველთვის, შუაღამე გადავლილზე სიმღერასაც გაიგონებდა კაცი, სადღაც სოფლის ბოლოდან. მაშინ, ძველ დროში, სიმღერა და ქარის ზუზუნი ერთდროულად ატანდა ძველი სახლის სარკმლებში.
გამორჩეულად თბილი და სიხარულით სავსე 1962 წლის ახალი წელი. თბილი და სიხარულით სავსე იმიტომ, რომ ამ წელს პირველად, ჩვიდმეტწლიანი განშორების შემდეგ, სტალინური გადასახლებიდან დაბრუნებული შვილი, მამასთან და ძმებთან ერთად აღნიშნავდა ახალ წელს.
მერე და მერე სიხარულთან ერთად სევდაც შეერია ნენეს ახალ წლებს. ბევრი ტკივილი და საყვარელი ადამიანების დაკარგვა. დრომაც თითქოს უფრო სწრაფად დაიწყო გასვლა და ერთმანეთის მიყოლებით ჩაბარდა წლები წარსულს.
ნენეს თბილ, მხიარულ და სევდიან ახალ წლებს კიდევ ერთი, 2016 წელი ემატება. მე ისევ არ დავარღვევ ტრადიციას და ჩემი სევდიანი ახალი წლის პირველივე დღეს ნენეს ვესტუმრები სოფლად. თუმცა, ნენესთან სტუმრობამდე სახლად შევეგებები 2016-ს. ეს ჩემი ყველაზე სევდიანი ახალი წელი იქნება. სევდიანი იმიტომ, რომ პირველად შევხვდები ახალ წელს დედის გარეშე. ვეღარ ჩავეხუტები, ვეღარ გამიღიმებს და ვეღარ მეტყვის საყვარელ სიტყვას – „გაიხარე“.
ნენი, მრავალ ახალ წელს!