ახალი ამბები

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

30 დეკემბერი, 2015 • 2208
გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ქართული სარაგბო ოჯახის დიდი ნაწილი შეიკრიბა, რომელმაც შიდა კონსულტაციების შედეგად მათ მიერ შერჩეული სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს.

რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სვანიძის კანდიდატურას საქართველოს რაგბის კავშირის თექვსმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი.

პრესკონფერენციაზე ამ კლუბების სახელით სრკ-ის გამგეობის წევრმა და ”ლელო სარასენსის” დამფუძნებელმა ბათუ კევლიშვილმა ისაუბრა. მან თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ”ქართული რაგბის 8 შესანიშნავი წელიწადისთვის” და იმედი გამოთქვა, რომ ქართულ რაგბში დარჩება. ბათუ კევლიშვილმა გოჩა სვანიძის წარდგენისას განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაარგძელებს ნიჟარაძის მიერ აღებულ კურსს.

სვანიძე მის საარჩევნო პროგრამას ახალი წლის შემდეგ წარადგენს. მან მადლობა გადაუხადა წარმდგენებს ნდობისათვის. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ნიჟარაძე მისი მეგობარი და თანამებრძოლია.

”ჩემთვის რთული იქნება მისგან მემკვიდრეობის მიღება და თუ 24 იანვარს ნამდვილი წევრები მე ამირჩევენ, ისევ გიასა და ჩემი მხარდამჭერების დახმარებით შევძლებთ ქართული რაგბის განვითარების გაგრძელებას.”

პრესკონფერენციის ბოლოს სრკ-ის მომქედმა პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი დაუღალავი შრომითაც ქართული რაგბი აქამდე მოიტანა და გოჩა სვანიძე დაახასიათა:

”გოჩას ბევრია წელია, რაც ვიცნობ. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს და ყველაზე მეტად მის პრინციპულობას ვაფასებ. სხვადასხვა საკითხებზე ხშირად გვიკამათია, როგორ შეიძლებოდა ამა თუ იმ საქმის უკეთ გაკეთება და მრავლად იყო ისეთი მომენტები, როდესაც მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი ყოფილა. გოჩა არის ის ადამიანი, რომელიც არა მარტო შეინარჩუნებს იმ კარგს, რაც არის, არამედ გამოასწორებს იმას, რაც არ იყო და თავის გუნდთან ერთად ქართულ რაგბს ბევრად უფრო წარმატებულს გახდის.”

გოჩა სვანიძე ამ ეტაპზე შემდეგმა კლუბებმა წარადგინეს: ლელო სარასენს, აია, არმია, აკადემია, ყოჩები, ლოკომოტივი, ჯიქი, ჯიხა, ქუთაისის სარაგბო სკოლა, ჭიათურა, ჯრუჭი, დინამო, კოლხი რაინდები, იუნკერები, ქუთაისის უნივერსიტეტი და დევები.

გოჩა სვანიძე ქართული სარაგბო ოჯახის წევრია. ის 1981-1994 წლებში შემდეგ კლუბებში თამაშობდა: სამედიცინო ინსტიტუტში, შევარდენში, ელმავალში, მიმინოში, ამირანსა და თბილისში. სვანიძე 2004 წლიდან დღემდე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.

საქართველოს რაგბის კავშირის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 18 იანვრის 13:00 საათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი