ახალი ამბები

კარვების გაშლა ხვალისთვის გადაიდო

20 იანვარი, 2011 • 1529
კარვების გაშლა ხვალისთვის გადაიდო

დღის ორ საათზე საქართველოს პარლამენტის წინ იმ დევნილთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომლებიც დღეს დილით ბაგების სტუდქალაქიდან იძულებით გამოასახლეს.

მხარდასაჭერ აქციაზე ის დევნილებიც მივიდნენ, ვისაც ჯერ არ მიუღია გაფრთხილება ბინიდან გამოსახლების შესახებ.

„არ ვიცი, იქნებ ხვალ მეც მასახლებენ?!“, –ამბობს აქციის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი.

აქციაზე ორგანიზატორები იმაზე მეტ მხარდამჭერს ელოდნენ, ვიდრე – მივიდნენ.

„სახლში ტელევიზორთან და სითბოში ჯდომით არაფერი გამოვა. სამწუხაროდ, დევნილებმა სოლიდარობა არ გამოხატეს მათ მიმართ, ვინც დღეს გამოასახლეს“, –განაცხადა აქციაზე მისულმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ.

300–მდე აფხაზეთიდან დევნილს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც –კახა კუკავა, გია ცაგარეიშვილი, თემურ შაშიაშვილი და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ახალი გამგეობის წევრი, ნატო ხოხიაშვილი- შეუერთდა. აქციის მონაწილის ადა მარშანიას თქმით, დევნილების მხარდასაჭერ აქციას სახალხო წარმომადგენლობითი კრების წევრებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ისინი იქ არ მივიდნენ.

„ისინი შეგვპირდნენ, რომ შემოგვიერთდებოდნენ მათთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თუმცა არ მოსულან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არც ოპოზიციის და არც ადგილობრივი მოსახლეობის იმედი. ამიტომ ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი,“ –განუცხადა მარშანიამ შეკრებილებს.

სამომავლო გეგმად ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან კარვების ქალაქის მოწყობა დასახელდა. თუმცა მალევე გადაიფიქრეს იმ მიზეზით, რომ სამინისტრო ხალხისათვის შეუმჩნეველ ადგილზე მდებარეობს და ხელისუფლებისთვის სულ ერთი იქნება ეს საპროტესტო ნაბიჯი.

„დღეს 102–ე დღეა რამდენიმე ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში, კარვებში, ცხოვრობს და ბინებიდან გამოყრას ასეთი ფორმით აპროტესტებს. კობა სუბელიანი კი, სავსებით გამიზნულად, ყოველდღე ცენტრალური შესასვლელით სარგებლობს და წელში გამართული და თავაწეული ამ ხალხს ენახვება“, –განაცხადა ადა მარშანიამ.

ამიტომ სამოქმედო გეგმად რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ, კარვების ქალაქის მოწყობა დასახელდა.

როგორც შეკრებილებს აცნობეს, კარვებს დღესვე მიიტანდნენ აქციაზე. მალევე წერილობით განრიგის შედგენა დაიწყეს– ვინ, როდის და რამდენი საათით იმორიგევებდა კარვებში.

„მამაკაცები ღამითაც აქ დარჩებიან. ქალებს კი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მაინც შეუძლიათ დარჩენა. ვისაც რამდენ ხანს შეეძლება. სადილობაც სახლში შეგიძლიათ“,–განუცხადა შეკრებილებს მარშანიამ.

რამდენიმე საათში აქცია კარვების გარეშე დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, კარვები, რომლებიც მზად იყო მოსატანად, ვერ მოიტანეს.

„ჯერ არ ვიცით, ვინ და როგორ შეგვიშალა ხელი კარვების მოტანაში, ამას ახლა ვარკვევთ, აქცია ხვალ, დღის ორ საათზე, ისევ განახლდება“, –თქვა მარშანიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი