ახალი ამბებისამართალი

თორდიას თქმით, თუ მურუსიძეს არ მისცემდნენ ხმას, მათ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ

29 დეკემბერი, 2015 • 2973
თორდიას თქმით, თუ მურუსიძეს არ მისცემდნენ ხმას, მათ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ევა გოცირიძემ და ვახტანგ თორდიამ სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის დანიშვნის შესახებ 28 დეკემბერს გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” ისაუბრეს. ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ თუკი მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში არ დანიშნავდნენ,  ამას შესაძლოა მოსამართლეთა დემორალიზაცია გამოეწვია.

საბჭოში 2013 წელს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრი ამბობს, რომ ლევან მურუსიძეს მართლაც აქვს საზოგადოებაში “არასახარბიელო რეპუტაცია”. გარდა ამისა, გოცირიძის თქმით, იცოდნენ, რომ მურუსიძის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა.

ევა გოცირიძე ამბობს, რომ ლევან მურუსიძეს მოსამართლეთა კორპუსის “უპრეცედენტო მხარდაჭერა” ჰქონდა.

“საკუთარ თავს, როგორც ჩანს, აიგივებენ ბატონ ლევანთან და როგორც გადაწყდებოდა ბატონი ლევანის საკითხი, შეიძლებოდა მათ წარმოედგინათ, რომ ეს იქნებოდა მათი პირადი ბედიც, ასე ვთქვათ,”– განაცხადა ევა გოცირიძემ.

მისი განცხადებით, თუკი ისინი მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნაზე უარს იტყოდნენ, ეს სასამართლო კორპუსზე “მსუსხავ ეფექტს” იქონიებდა და მოსამართლეების დემორალიზაციას გამოიწვევდა.

“იმის შემდეგ, რაც ჩვენ მურუსიძის მიმართ მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ არის შესაძლებელი ის, რომ შემდგარიყო ფართო კონსენსუსი მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის,”– განაცხადა ევა გოცირიძემ.

ვახტანგ თორდიას განცხადებით კი, ამ გადაწყვეტილების მისაღებად მათ საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელეს.

“იყო წინადადება, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს უნდა წარგვედგინა ჩვენი კანდიდატურები იმ ახალი კრიტერიუმებით, რომლებიც ღირსეულ მართლმსაჯულებას გასწევდნენ მომავალში. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ შანსი გვქონდა, ეს კანდიდატურები რეალურად წარგვედგინა. იმ შემთხვევაში, რეალურად დავინახეთ იმის საშიშროება, მიმანიშნებელი იყო თუნდაც ის, რომ ამა წლის 20 დეკემბერს ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენცია, რომელმაც სრული ნდობა, ერთხმად, მთელი კორპუსის, მხარი დაუჭირეს მის გამწესებას მართლმსაჯულებაში ცალსახად. იმავდროულად, ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენს კანდიდატურებს, ღირსეულ ხალხს, არ დაუჭერდნენ მხარს. რა იყო ამის დადასტურება? წინარე 2 წლის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენი, 3–4 არამოსამართლე წევრისა, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენ ვერ გავატარეთ ვერანაირად,”–განაცხადა ვახტანგ თორდიამ.

გარდა ამისა, თორდიას განცხადებით, ამ ნაბიჯით მართლმსაჯულების კოლაფსი აიცილეს თავიდან:

“მურუსიძეს მხარი კი არ დავუჭირეთ, ჩვენ დავუჭირეთ კვლავ და კვლავ მართლმსაჯულების სტაბილურობას, მდგრადობას და მართლმსაჯულების არშეჩერებას,”– აღნიშნა მან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 25 დეკემბერს 10 ხმით ლევან მურუსიძე აირჩია. ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მურუსიძის არჩევა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი