პარლამენტში “ქართული ოცნების” პარტიის ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი თავს იკავებს შეაფასოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევის საკითხი. დღეს, 25 დეკემბერს პარლამენტში ნეტგაზეთის შეკითხვას ვოლსკიმ ასე უპასუხა:
“ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილება, არჩევნების შედეგები შეიძლება არ გვაკმაყოფილებდეს… მე ჩემი მოსაზრებები გამაჩნია ამასთან დაკავშირებით, შეიძლება პოზიტიურიც არ იყოს, ხაზს ვუსვამ, მაგრამ ჩაურევლობა და სასამართლოსთვის ან ნებისმიერ სტრუქტურისთვის, თუნდაც პროკურატურისთვის, იმის საშუალების მიცემა, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. თუ ქვეყანაში ეს ტრადიცია არ დამკვიდრდა, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო ცუდად იქნება საქმე, ვიდრე კარნახით ვწყვეტდეთ, თუნდაც საკადრო თემებს”, – ამბობს ვოლსკი.
“არ უნდა გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, ექსპერტებმა ისაუბრონ. საქმემ ჩვენმან წარმოგავაჩინოს, ეს არის ჩვენი მთავარი ლოზუნგი სხვა ნებისმიერ სფეროში”, – ამბობს ვოლსკი.
ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს 10 წევრის თანხმობით 15 დეკემბერს აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. შედეგების გამოცხადების შემდეგ აქციაზე, რომელზეც მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებდნენ, ვითარება დაიძაბა და პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები ამჟამად უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება. მურუსიძის არჩევას მხარი,პარლამენტის მიერ წარდგენილმა წევრებმაც დაუჭირეს.