ახალი ამბებისამართალი

რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ

25 დეკემბერი, 2015 • 1255
რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს პროცედურას, რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ:

“კანონში რა ნორმაც გვაქვს, იმის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ 3-წლიანი ვადით არის არჩეული. მაგრამ იუსტიციის მინისტრმა- მას შემდეგ, რაც შეხვდა ლევან მურუსიძეს და მისამართლეთა გარკვეულ ჯგუფს- თქვა, რომ შეიძლება ეს ნორმა, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ შეეხოს იმ მოსამართლეებს, რომელთაც აქვთ 10-წლიანი სამოსამართლეო ვადა. ანუ, საკანონმდებლო თვალსაზრისით, შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ეს 3-წლიანი ვადაც მათზე აღარ გავრცელდეს,” – აცხადებს ნაცვლიშვილი.

გამოსაცდელი ვადის არსებობის მიუხედავად, ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ ლევან მურუსიძის არჩევით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარ სტანდარტებზე თქვა უარი.

“თუმცა, მიუხედავად იმისა, როგორი შემადგენლობა იქნება საბჭოში 3 წლის შემდეგ და გამოსაცდელ ვადას ჩააბარებს თუ ვერ ჩააბარებს მურუსიძე, დღეს ეს ფაქტი უკვე შედგა და ის- დაადასტურა და ნათლად აჩვენა ამ პროცესმა- არის, რომ საბჭომ საკუთარ გადაწყვატილებასაც კი არ სცა პატივი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ის ადამიანები უნდა დაინიშნონ სასამართლოში, რომლებსაც აქვთ მაღალი რეპუტაცია, კეთილსინდისიერი ადამიანები არიან და მაღალი პროფესიონალიზმი აქვთ. ამ სტანდარტებს ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს ლევან მურუსიძე,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის 2 მონაწილის დაკავებას, ნაცვლიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. მისი თქმით, პოლიცია სახელმწიფომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია.

“რაც ძალიან ცუდია, არის ასევე ის, რომ პოლიცია ჩართეს. კიდევ ერთხელ, სახელმწიფომ ინსტრუმენტად გადააქცია პოლიცია. ეს არ არის ნამდვილად პოლიტიკურად ნეიტრალურობის დამადასტურებელი. მე მახსოვს ძალიან კარგად საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართლეებზე თავდასხმები და აქციები, რომლებსაც მათ უწყობდნენ. ეს პირდაპირ აკრძალულია, ადმინიატრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. მაშინ არ ყოფილა რეაგირება პოლიციის მხრიდან და დღეს სასწრაფოდ მოხდა მობილიზება. ეს არის შერჩევითი სამართლის და პოლიციის არაპოლიტიკური ნეიტრალიტეტის მაჩვენებელი,” – აცხადებს “საიას” თავმჯდომარე.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, საბჭოს დარბაზში ხალხი არასაკმარისი ადგილების მიზეზით არ შეუშვეს, თუმცა დარბაზში ადგილებს ძირითადად არასაბჭოს წევრი მოსამართლეები იკავებდნენ.

“ადგილების 90% დაკავებული ჰქონდათ მოსამართლეებს, რომლებიც იქ ზუსტად იმიტომ იყვნენ, რომ ადგილები დაეკავებინათ. იგივე ტაქტიკა გამოიყენეს, როგორც წლების წინ, როდესაც სასამართლო პროცესებზე დარბაზებს ავსებდნენ გადაცმული პოლიციელები,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ლევან მურუსიძე დღეს საბჭოს 10 წევრის თანხმობით არჩეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. საბჭოს გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა საბჭოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც პოლიციამ 2 პირი დააკავა.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი