ახალი ამბები

სინოდის სხდომაზე ხარაგაულის და ზესტაფონის სასწავლებელთა პერსონალის ხელფასებზეც იმსჯელეს

23 დეკემბერი, 2015 • 1230
სინოდის სხდომაზე ხარაგაულის და ზესტაფონის სასწავლებელთა პერსონალის ხელფასებზეც იმსჯელეს

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ სინოდის სხდომაზე ხარაგაულის და ზესტაფონის სასწავლებელთა პერსონალის ხელფასებზეც იმსჯელეს და, როგორც მიტროპოლიტი ამბობს, უახლოეს პერიოდში ხელფასების პრობლემა მოგვარდება.

სინოდის გუშინდელ, 22 დეკემბრის სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი.

როგორც სინოდის სხდომის ოქმში წერია, დადგინდა, რომ “სინოდალური კომისიის მიერ ყოველწლიურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება”.

სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) წლიური ანგარიში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ.

“ითქვა, რომ გასულ სასწავლო წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა 30-მა მოსწავლემ, ვერცხლის მედალი მიიღო 35-მა, მაღალი შეფასებით (9,5) ატესტატი გაიცა 63 ახალგაზრდაზე. კურსდამთავრებულთაგან 84% გახდა უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი.
მიტროპოლიტმა იოანემ ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის 2015 წლის საქმიანობის თაობაზე”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი