ახალი ამბები

სინოდმა ეკლესიაში განათლების ხარისხის ამაღლებაზე იმსჯელა

22 დეკემბერი, 2015 • 1605
სინოდმა ეკლესიაში განათლების ხარისხის ამაღლებაზე იმსჯელა

დღეს საპატრიარქოში, სინოდის სხდომაზე ეკლესიაში განათლების საკითხზე იმჯელეს. ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ განაცხადა.

“განათლების საკითხებს შეეხო ეკლესია, განათლება როგორ უნდა გაიზარდოს ეკლესიაში,  რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხარისხი ამაღლდეს განათლების,”– განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გარდა ამისა, სინოდის სხდომაზე იმსჯელეს წმინდანთა კანონიზაციის შესახებ. სხდომის ოქმში აღნიშნულია:

ა) წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოს მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ, – ვნების შვიდეულის პარასკევს და 1(14) ოქტომბერს. შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.

ელიოზის დის, კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1(14 ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა.

ბ) წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.

გ) წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ: 20 ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასაწაულზე და 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი