ნეტგაზეთი | ბლატერმა და პლატინიმ გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ბლატერმა და პლატინიმ გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს – Netgazeti
RU | GE  

ბლატერმა და პლატინიმ გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს

FIFA-ს პრეზიდენტ ზეპ ბლატერს და UEFA-ს ხელმძღვანელ მიშელ პლატინის 8-8 წლით ფეხბურთთან დაკავშრებულ აქტივობებში მონაწილეობა აეკრძალათ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, დიკსვალიფიკაცია უკვე ძალაშია.

ბიბისის ინფორმაციით, 79 წლის ზეპ ბლატერის დისკვალიფიკაციამ დაასრულა მისი საფეხბურთო ადმინისტრატორის გრძელვადიანი კარიერა. ბლატერი FIFA-ს 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა. დისკვალიფიკაციამდე შვეიცარიელს უკვე ჰქონდა გაცხადებული თავისი სურვილი, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, 60 წლის ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი ბლატერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფიფას ახალ მმართველად მიიჩნეოდა. სამგზის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი UEFA-ს 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა.

რატომ მიიღეს დისკვალიფიკაცია?

ბლატერი და პლატინი ეთიკის კოდექსის დარღვევაში დამნაშავეებად სცნეს იმასთან დაკავშირებით, რომ ფრანგმა 2 მილიონამდე დოლარი 2011 წელს უკანონოდ მიიღო.

დისკვალიფიკაციამდე ისინი ყველა ბრალდებას უარყოფდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ეს გადახდა 1998 წელს შემდგარ შეთანხმებას უკავშირდებოდა. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც პლატინი FIFA-ში ბლატერის ტექნიკური მრჩევლის პოსტს იკავებდა (1998-2002 წწ.).

BBC-ის ცნობით, ეს შეთანხმება არ იყო პლატინისთან გაფორმებული კონტრაქტის ნაწილი. თუმცა, ირწმუნებოდნენ, რომ შეთანხმება სიტყვიერად გაფორმდა. შვეიცარიული კანონმდებლობით, სიტყვიერი შეთანხმება კანონიერად ითვლება.

გერმანელმა მოსამართლემ, ჰანს-იოაკიმ ეკერტმა, რომელიც FIFA-ს საარბიტრაჟო პალატას ხელმძღვანელობს, გასული ორი კვირის განმავლობაში ამ საკითხზე დისციპლინარული მოსმენები ჩაატარა.

ბრალდებები შეიცავდა ინტერესთა კონფლიქტს და ყალბი ანგარიშების შედგენას. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მიშელ პლატინი და ზეპ ბლატერი ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის გამოც გამომძიებლებმა 50-გვერდიანი ბრალდების დოკუმენტი დაარეგისტრირეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.