ახალი ამბები

ანგარიში: როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკურ ნაწილს

18 დეკემბერი, 2015 • 1726
ანგარიში: როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკურ ნაწილს

დღეს, 18 დეკემბერს სასტუმრო “რუმს თბილისში” ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ წარადგინა ანგარიში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის შესახებ.

“კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემათაგან რამდენიმე ყველა სფეროს ახასიათებს. მაგალითად, სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ გააჩნია ხელშეკრულების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეფასების მექანიზმი; სუსტი, არაკოორდინირებული და არასაკმარისია თანამშრომლობა ერთსა და იმავე აქტივობაზე პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებას შორის; არის შეუსაბამობა სამოქმედო გეგმებში მითითებულ აქტივობებსა და ასოცირების დღის წესრიგში განსაზღვრულ მიზნებს შორის; მოუწესრიგებელია გეგმის შესრულების შეფასების მაჩვენებლები, არ არსებობს თითოეული აქტივობის შესრულების დეტალური განრიგი მიღწეული პროგრესის გასაკონტროლებლად; არ არის ცხადი, რამდენად არსებობს საკუთარი როლის შეფასების მექანიზმი შესაბამისი უწყების მიერ. დავით ბაქრაძე ზემოთ ჩამოთვლილ ზოგად პრობლემებს იზიარებს და აცხადებს, რომ ანგარიშით მიღებულ რეკომენდაციებს სახელმწიფო გაითვალისწინებს”, – ნათქვამია ფონდის პრესრელიზში.

ანგარიშზე მომუშავე სპეციალისტების ჯგუფის კოორდინატორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან ინტევრიუში საუბრობს კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ:

ფონდის განმარტებით, ანგარიშზე არასამთავრობოთა არაფორმალური კოალიცია მუშაობდა ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.

“დოკუმენტი ასახავს პერიოდს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე.
ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილის – მათ შორის სასამართლო სისტემის, ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული და საჯარო სამსახურის რეფორმების განხორციელება, ბრძოლა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ, შრომითი უფლებები და სტანდარტები, თანასწორი მოპყრობა და ბავშვთა უფლებები.
ანგარიშზე მუშაობის პერიოდში კოალიცია აქტიურად თანამშრომლობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. მოცემულ ეტაპზეც სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს შორის მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ფონდის ცნობით, დღევანდელ პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. ცალკეულ სფეროებში გამოვლენილ მიღწევებსა და ნაკლოვანებებზე ისაუბრეს იმ არასამთავრობოთა წარმომადგენლებმა, რომელთაც ესა თუ ის კონკრეტული სფერო გააანალიზეს.

კვლევის სრულ ვერსიას ქართულ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი