ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილმა მთავარ პროკურატურაში სატელეფონო ამონაწერი მიიტანა

17 დეკემბერი, 2015 • 1340
ალეკო ელისაშვილმა მთავარ პროკურატურაში სატელეფონო ამონაწერი მიიტანა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი დღეს, 15:00–ზე პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ მივიდა და მისივე განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში “მაგთიდან” სატელეფონო ამონაწერები მიიტანა.

მისი თქმით, ეს მესიჯები 2014 წლის 30 აპრილითაა დათარიღებული.

“ეს ამონაწერები შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროინდელია. ძალიან სასაცილოა, რომ ორი კვირაა გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, მთელი ალიაქოთია ატეხილი და პროკურატურას არ გაურკვევია და არ ამოუღია ეს ამონაწერები კომპანია “მაგთიდან.” ორი კვირის განმავლობაში ჩემგან ელოდებიან, რომ მე მივუზიდო ყველა მტკიცებულება და ბარემ დავიჭერ დამნაშავეებს და ბორკილებდადებულს მოვუყვან. ეს არის ანეგდოტი, უბრალოდ. გუშინ ეთერში ვაჩვენე ეს ამონაწერი და დღეს მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება, იქნებ ეს ამონაწერი მოგვიტანოთო. როცა ვკითხე, აქამდე რატომ არ ამოიღეთ ეს ამონაწერი-მეთქი, მიპასუხეს, რა ვიცი, იქნებ მაინც თქვენ მოგვიტანოთო,” – ამბობს საკრებულოს დეპუტატი.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ეს ახალი პროკურორისთვის, ირაკლი შოთაძისთვის, გამოწვევა უნდა ყოფილიყო, რადგან ეს პროკურატურა საზოგადოების მხრიდან ძალიან დაბალი ნდობით გამოირჩევა.  

“ეს არის სირცხვილი. შოთაძემ ვერ შეძლო, ასეთი რეზონანსული ამბისთვის თავი მოება და წესიერად წაეყვანა საქმე. ისედაც ყველამ იცის, რომ არის ძალიან დაბალი ნდობის მქონე ეს პროკურატურა და მაინც, ამ საქმეზეც ასეთ სამარცხვინო რაღაცებს აკეთებენ. მე თუ არ მივუტან ამონაწერს, თვითონ ვერ ხვდებიან, რომ ეს უნდა ამოიღონ. მე, როგორც კანონის პატივისმცემელი, მოვდივარ აქ და არ მეზარება, მიმაქვს და მიმაქვს ეს მტკიცებულებები. მაგრამ მტკიცებულებები რომ უნდა შეაგროვოს დანაშაულზე, ამისთვის ვუხდით უზარმაზარ თანხას პროკურატურას. მაშინ მე ვიქნები პროკურორი, მე ვიქნები გამომძიებელი, მე ვიქნები ციხის ადმინსიტრაციის უფროსი, დავიჭერ პატიმარს და ყველაფერს ვიზამ, თუ თვითონ თავი არ აქვთ,” – ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, იმ პოლიტიკოსების ვინაობას, რომლებიც მას მესიჯებს წერდნენ, მალე გაასაჯაროებს.

“ძალიან მალე ვიტყვი, ვინ არიან ეს პოლიტიკოსები, და პროკურატურა მეხმარება იმაში, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. მერე კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდებიან,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა  განაცხადა იმის შესახებ, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხა ჰქონდათ აღებული. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საუბარი იყო კონკრეტული პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ წინასწარ აღებულ $200 000–ზე და მომავალში ასაღებ $1.5 მილიონზე.

 

გარდა ამისა, ელისაშვილი საუბრობდა იმის შესახებაც, რომ მის მობილურ ტელეფონში არსებობდა მესიჯები, სადაც მას პოლიტიკოსები დაჟინებით სთხოვდნენ კონკრეტული პატიმრების შეწყალებულთა სიაში ჩასმას. ელისაშვილმა ეს ტელეფონი პროკურატურაში 14 დეკემბერს მიიტანა. მომდევნო დღეს კი პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მესიჯები, რომლებზეც ელისაშვილი საუბრობდა, მობილურში არ აღმოჩნდა. პროკურორის განცხადებით, ახლა მობილური ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში არის გაგზავნილი.

 

ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ პროკურატურამ SMS-ების თაობაზე განცხადება ისე გაავრცელა, რომ ექსპერტიზის შედეგებს არ დალოდებია.

 

იგი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ეს მესიჯები წაიკითხა და მას მოუწოდა, ამის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ მას მართლაც ჰქონდა ინფორმაცია პრეზიდენტისგან, რომ თავის დროზე ელისაშვილმა მას აღნიშნული მესიჯები წააკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი