ახალი ამბები

ელისაშვილის განმარტება SMS-ების თემაზე და მიმართვა პრეზიდენტს

16 დეკემბერი, 2015 • 1552
ელისაშვილის განმარტება SMS-ების თემაზე და მიმართვა პრეზიდენტს

საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანის” ეთერით ეხმაურება შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მის ტელეფონში დაანონსებული SMS-ები არ აღმოჩნდა. ელისაშვილის თქმით, პროკურატურამ SMS-ების თაობაზე განცხადება ისე გაავრცელა, რომ ექსპერტიზის შედეგები მისთვის ცნობილი არ არის.

“ამ კითხვაზე პასუხს ყველა ისედაც ალბათ მიხვდა… როგორ უნდა ვენდო პროკურატურას, რომელსაც გუშინ ჩემი ხელით მივუტანე ტელეფონი. 7 საათის განმავლობაში ვიჯექი და დეტალურ ჩვენებას ვაძლევდი. გამომძიებელმა და მე დავლუქეთ ჩემი ტელეფონი, რათა გადაგზავნილიყო ექსპერტიზაზე და საგამოძიებო პროცედურები ჩატარებულიყო.

არის მესიჯები, რომლებიც ვიზუალურად ჩანს და არის მესიჯები, რომლებიც მეხსიერებაშია შენახული. მე 1.5 წელიწადი მედო ეს ტელეფონი სახლში, რაც გამოვცვალე, მას შემდეგ. ეს მქონდა შენახული. გამოძიებას ექსპერტიზის პასუხი ჩემთვის არ უცნობებია და ამ დროს ვისმენ ასეთ რამეს…

ერთ რამეს გეტყვით, ეს დეტალები ძალიან ბინძური და დიდი საქმის ერთი დეტალია. მესიჯებში ის კი არ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ 200 ათასი დოლარი ავიღეთ და თუ არ გამოუშვებ, თავს მოგაჭრითო, კატეგორიული ტონით იყო ნათქვამი, მერამდენედ გვაიგნორებ და რატომ არ გაგაქვს განსაკუთრებული წესით ეს განსახილველადო. როგორც კი ეს მესიჯები მივიღე, შევედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, შევედი პრეზიდენტთან, ველაპარაკე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს. ეს მესიჯი წავაკითხე ზვიად ქორიძეს, როდესაც საქმეები გადავაბარე შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ. პროკურატურა პოლიტიკურ მოთამაშედ გადაიქცა”, – განაცხადა ელისაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართა:

“რა თქმა უნდა, ველოდი, რომ ისინი ისრების ჩემსკენ გადმოტანას და ჩემს გაბანძებას ეცდებოდნენ. მე უბრალოდ მინდა ადამიანურად, მოქალაქეობრივად ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, დაადასტუროს ან უარყოს, წავაკითხე თუ არა ის მესიჯები, გავაცანი თუ არა ჩემი ეჭვები ამ მესიჯების კონტექსტთან დაკავშირებით. თუ მე მატყუარა და ცრუპენტელა ვარ, პრეზიდენტმა თქვას, ვინაიდან ის აშკარად მიუკერძოებელია ამ საქმეში. თქვას, რომ არ იყო და კი, ბატონო, დავიხურავ ქუდს და პოლიტიკიდან კი არა, ქვეყნიდან წავალ. “ქართული ოცნება” აშკარად დაადგა ნაციონალური მოძრაობის გზას. როგორც წინა ხელისუფლება ცდილობდა გირგვლიანის საქმის ჩაფარცხვას, ზუსტად ისეთივე რამ ხდება ახლა. იმის ნაცვლად, რომ ძალა მოეძებნათ და ეს ბინძური ხალხი თავის რიგებიდან გაეწიათ, გამოეძიებინათ ძალიან ბინძური საქმე და პირიქით, ჩემ გვერდით დამდგარიყვნენ, ყველანი დაირაზმნენ ერთი მოქალაქე ალექსანდრე ელისაშვილის და მისი ტელეფონის წინააღმდეგ. მთელი სახელმწიფო დაირაზმა ჩემს წინააღმდეგ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე უკან დავიხევ, ძალიან ცდება. ის მესიჯებიც ნაჩვენები იქნება და ყველაფერი დადასტურდება. არავის არაფერს შევარჩენ”, – თქვა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი