ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ

14 დეკემბერი, 2015 • 1995
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ხვალ ევროკავშირისგან საქართველო უვიზო მიმოსვლას მიიღებს. მისი თქმით, უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ.

ბაქრაძემ ამის შესახებ დღეს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” 2015 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

“მთავარი, რასაც ველოდებით ხვალ, ეს არის აღიარება იმ საქმიანიბისა, რომელიც ყველა უწყების მიერ იყო ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრული. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ამ მიმართულებით ეს მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართა და ჩვენ პრაქტიკულად ყველა ფაზა, რომელზეც გასული წლის ნოემბერში გადავედით ჩვენი საქმიანობით და რეფორმებით: 70-ზე მეტი კანონპროექტებით და ცვლილებებით არსებულ კანონში, შესაბამისი სტრატეგიით, შესაბამისი პოლიტიკით, რომელიც შეეხება მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკას, საჯარო სამსახურს, ანტიკორუფციულ ღონისძიებებს… ამ მართულულებით განხორციელებული საბოლოო დოკუმენტი ევროკავშირის მხრიდან იქნება ხვალ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი.”

ბაქრაძემ მედიის წარმომადგენლებთან იმ ტექნიკურ და პროცედურულ ეტაპებზე ისაუბრა, რომელიც ხვალ უნდა გაირკვეს:

“სიტუაცია არის ასეთი: იმ შემთხვვაში, თუ იქნება პოზიტიური მოხსენება, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ კომისიამ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატიცით მიმართოს ევროპარლამენტს და შემდეგ ევროკავშირის საბჭოს. ამის შემდეგ პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოში და ევროპარლამენტში, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადასტურდეს ის, რასაც ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით გადაწყვეტს ევროკომისია.

რაც შეეხება ვადებს, რომ არ ვივარაუდოთ, მოლდოვის მაგალითის შემთხვევაში ეს იყო 5-დან 6 თვემდე პერიოდი, რომელიც უკავშირდებოდა საკანონმდებლო ინიციატივიდან შემდგომ მის უშუალოდ აღსრულებამდე.

ინიციატივამდე პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო მოხსენება მოლდოვის შემთხვევაში ვილნიუსის სამიტამდე 2 კვირით ადრე გაკეთდა. კონკრეტულად ეს სამიტი დაემთხვა და დაახლოებით 2 კვირაში განორციელდა, განისაზღვრა ვადად. ჩვენც ვვარაუდობთ, რომ ამ ინიციატივამდე ვადა განსაზღვრული იქნება დოკუმენტში. დაველოდოთ ხვალ.”

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ ამით.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილი, ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ რეგიონებში, ისარგებლებენ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნლოვანი გზავნილი მათთვის, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი სწორედ ასეთ პოზიტიურ შედეგებს მოუტანთ,” – განაცხადა ბაქრაძემ

როგორც მინისტრი განმარტავს, უვიზო რეჟიმი განხორციელდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ბიომეტრიული პასპორტი:

“ანუ, არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ ექნებათ. ეს [ბიომეტრიული პასპორტი] არის უსაფრთხოების ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია, რათა დაცული იყოს მათი შემდგომი თავისუფალი გადაადგილებისათვის შენგენის ზონაში. როდესაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება საქართველოს მოქალაქეებისათვის, ეს ამოქმედდება საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის. ასევე, მოლდოვას შემთხვევაში, ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლითაც დნესტრისპირეთის 70 ათასამდე მოლდოვას მოქალაქემ აიღო ბიომეტრიული პასპორტი და ისარგებლა უვიზო მიმოსვლით. ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი არის ის ღონისძიებები, უსაფრთხების ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტით არის გაწერილი. ბიომეტრიული პასპორტი უზრუნველყოფს უსაფრთხოების იმ ხარისხს, რომელიც აუცილებელია საქართველოს მოქალაქისთვის. უნდა ჰქონდეთ ბიომეტრიული პასპორტი და მათ ექნებათ სრული თავისუფლება უვიზოდ მიმოსვლაში. როდესაც არის დარღვეული კომუნიკაციის საშუალებები უცხოეთში, მათ, სურვილის შესბამისად, ყოველთვის შეუძლიათ აიღონ ბიომეტრიული პასპორტი.”

დავით ბაქრაძე, 14.12.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დავით ბაქრაძე, 14.12.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი