ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: ამ მხრივ ელისაშვილს ვენდობი და პროკურატურამ მას ყურადღებით უნდა მოუსმინოს

9 დეკემბერი, 2015 • 2192
ლევან ბერძენიშვილი: ამ მხრივ ელისაშვილს ვენდობი და პროკურატურამ მას ყურადღებით უნდა მოუსმინოს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა ელისაშვილის განცხადებაზე, რომ შეწყალების კომისიაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ, განაცხადა, რომ ამ მხრივ ენდობა ელისაშვილს დაპროკურატურამ მას ყურადღებით უნდა მოუსმინოს.

“სრულიად გამოვრიცხავ, რომ საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც არც ერთი მოხელე არასოდეს არ შეეცდება, ამ საქმეში ჩაერიოს.  რა თქმა უნდა, კი. მაგრამ, კერძოდ რა, კერძოდ ვინ, კერძოდ რა ინტერესი დგას აქ? ბოლოს და ბოლოს, მე 20 წელი ვიყავი მისაღებ გამოცდებზეც. კარგად ვიცნობ ჩემს ქვეყანას, ჩემს საზოგადოებას და ვენდობი ამ მხრივ ელისაშვილსაც და ყველაფერს, რასაც ისინი იტყვიან, პროკურატურამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს,”– განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

შეწყალების კომისიის ახლანდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ კი გუშინ, 8 დეკემბერს, კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ. პროკურატურაში ზვიად ქორიძეც არის დაბარებული.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ  ამ ფაქტების შესახებ მან დაახლოებით 1 წლის წინ აცნობა როგორც მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე მის მოადგილეს, გიორგი გოგაძესაც. პროკურორის მოადგილემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ელისაშვილს მასთან შეწყალების კომისიაზე არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი