ახალი ამბები

TI: საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს

9 დეკემბერი, 2015 • 2027
TI: საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს

საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს, თუმცა ისე, რომ კანონი არ ირღვევა. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მოსამსახურეების რიცხოვნობის ლიმიტი არის დადგენილი საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით (ბიუჯეტის შესახებ 2013 და 2014 წლის კანონებიც ანალოგიურად არეგულირებდა): „საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.“ თუმცა ბიუჯეტის შესახებ კანონი, ასევე, უშვებს, რომ ზემოაღნიშნული შეზღუდვიდან გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მთავრობასთან შეთანხმებით.

“ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, რომელშიც შედიოდა ყველა სამინისტროს 3 ცენტრალური აპარატი, მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები.

ჩვენ მიერ შესწავლილი 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63 ვერ აკმაყოფილებდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილ ლიმიტს (საშტატოს 2%, ან 5 ერთეული). მიუხედავად ამისა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს საბიუჯეტო ორგანიზაციები კანონს არღვევენ. 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონი ზემოაღნიშნული ლიმიტიდან გამონაკლისს უშვებს. კერძოდ, პროცედურის თანახმად, უწყება მიმართავს მთავრობას ლიმიტის გაზრდის თაობაზე, ხოლო მთავრობა განკარგულებით აძლევს თანხმობას. შესწავლილი 79-იდან 61 უწყებას მთავრობის მიერ თანხმობა ჰქონდა შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდაზე. მთავრობამ 2013-2015 წლებში სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან დაკავშირებით სულ 170-მდე განკარგულება გამოსცა, რომელიც ამ უწყებებს აძლევდა უფლებას შეეცვალათ საბიუჯეტო კოდექსით დადგენლილი შეზღუდვები. პირველ დიაგრამაზე მოცემულია ის ოცდაათი საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლებიც ყველაზე მეტად აჭარბებენ 2%-იან ლიმიტს. დიაგრამა 2-ში იგივე ინფორმაცია ასახულია აბსოლუტური მაჩვენებლებით”, – აცხადებენ TI-ში.

TI-ს კვლევიდან

TI-ს კვლევიდან

TI-ს კვლევიდან

TI-ს კვლევიდან

“როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შტატგარეშე რიცხოვნობის ლიმიტის ასეულობით პროცენტით გადაჭარბება ფორმალურად არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ეყრდნობა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტს, რომელიც ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც მთავრობის თანხმობით შესაძლოა ლიმიტი გაიზარდოს. თუმცა, როდესაც 79 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 61-ს საგრძნობლად გაზრდილი აქვს ლიმიტი, ეს მოვლენა უფრო წესად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე გამონაკლისად და რეალურად 2015 წლის (ისევე როგორც 2014 და 2013 წლებში) ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერილი ეს ნორმა, როგორც კვლევიდან ჩანს, არანაირ ბარიერს არ წამოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, მრავალჯერ გაზარდოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა.

კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რამდენად შეესაბამება დღესდღეობით საჯარო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსით მომუშავე ადამიანების საქმიანობა ამ სტატუსს, რომელიც, კანონის მიხედვით “…მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.“ “შტატგარეშე მოსამსახურეების დაუსაბუთებელი ზრდა მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ყოველ წელს იზრდება ბიუჯეტში საშტატო საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა”, – აცხადებენ TI-ში.

TI-ს კვლევიდან

TI-ს კვლევიდან

და ასევე ყოველწლიურად იზრდება მათი შრომის ანაზღაურება:

TI-ს კვლევიდან

TI-ს კვლევიდან

TI-ს რეკომენდაციები

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საკუთარ განკარგულებებში დაასაბუთოს, რა მიზეზით აძლევს საბიუჯეტო ორგანიზაციას თანხმობას, გადალახოს კანონით დადგენილი შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობაზე დაწესებული ზედა ზღვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი