ახალი ამბები

ლაშა ჟვანია: ზარალის დათვლამდე სახელმწიფო კომპენსაციის ნაწილის გადახდის ვალდებულებას იღებს

9 დეკემბერი, 2015 • 2099
ლაშა ჟვანია: ზარალის დათვლამდე სახელმწიფო კომპენსაციის ნაწილის გადახდის ვალდებულებას იღებს

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ კონკორდატით გათვალისწინებულია,  დაითვალოს ის ზარალი, რომელიც ეკლესიას საბჭოთა კავშირის დროს მიადგა.

“სანამ იქნება დათვლილი, მანამდე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ გარკვეული კომპენსაციის ნაწილი, ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის ზარალი, რომელიც 70 წლის განმავლობაში მიიღეს,”- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, ეკლესია საქართველოში ძალიან დიდ ქონებას ფლობდა:

“დაითვალეთ მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე მხოლოდ რამდენიმე უძრავი შენობა. შენობა, რომელშიც არის განთავსებული საგარეო საქმეთა სამინისტრო; მიწა, ტერიტორია, რომელზეც არის განთავსებული საქართველოს პარლამენტი, და ასევე შენობა, სადაც კინო რუსთაველია. მხოლოდ ნახევარ კვადრატულ კილომეტრზე არის სამი უძრავი ქონება დასახელებული ჩემ მიერ. ვინმეს შეფასებული აქვს ეს, რამხელა უძრავი ქონებაა? საქართველოს ეკლესია ფლობდა იმხელა ტერიტორიებს და ისეთ უძრავ ქონებას,  ნუ დაბარალებთ ნურავის, არის ხალხის, ადამიანების, მრევლის მიერ შეწირული საქართველოს ეკლესიაზე,”- განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ჩამორთმეული ქონების კომპენსაციას ეკლესია საზოგადოებისთვის სასიკეთოდ იყენებს.

“ის კომპენსაცია, რომელსაც ეკლესია იღებს  ბოლო წლების განმავლობაში, არის შეთანხმებული ასევე კონკორდატით, რომელიც  არის საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც პარლამენტმა უყარა კენჭი, რატიფიცირება მოხდა, ისევე როგორც სინოდზე იყო გასული და მოეწერა ხელი. ეს არის გარკვეული კომპენსაცია. პლუს, ამავე ბიუჯეტის ამ თანხაში შედის იმ სკოლების, უპატრონო ბავშვთა თავშესაფრების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბიუჯეტი, დაფინანსება, რომელიც არასაკმარისი არის, მაგრამ ეკლესია რაღაცნაირად ახერხებს იმას, რომ დამატებით დააფინანსოს, რომლებიც უკვე 19, 20, 21 წელია საქართველოში არსებობს ეკლესიის მფარველობის ქვეშ. იმ პერიოდში გაიხსნა, როდესაც სახელმწიფო უძლური იყო ამგვარი სახლებისათვის მიეხედა, ამგვარი ბავშვებისთვის მიეხედა, რომლებიც სახლის მიღმა, ოჯახების მიღმა რჩებოდნენ,”- ამბობს ლაშა ჟვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი