ახალი ამბები

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

9 დეკემბერი, 2015 • 2138
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურაში არის დაბარებული შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილიც.

ქორიძის თქმით, დაურეკა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელმა და 9 დეკემბერს შეხვედრა სთხოვა. ქორიძე ამბობს, რომ ამჟამად თბილისში არ იმყოფება და როგორც კი დაბრუნდება, აუცილებლად დაუკავშირდება პროკუტარურას.

“თუ ხვალ ჩამოვედი თბილისში, აუცილებლად მივალ იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე პრაქტიკულად პროკურატურამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ, აი, ამ  ინფორმაციით, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელდა, ჰქონდეს რეაგირება. ბატონი ალეკო საუბრობდა, რომ წელიწადნახევრის წინ მან მიაწოდა ინფორმაცია მთავარ პროკურორს და ამდენი ხნის განმავლობაში არ იყო არანაირი რეაგირება, იმედი მაქვს, რომ ახლა იქნება,”– ამბობს ზვიად ქორიძე.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ზვიად ქორიძე პასუხობს, რომ ამ თემაზე საუბრისგან საგამოძიებო ორგანოში კითხვებზე პასუხის გაცემამდე თავს შეიკავებს.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

ზვიად ქორიძემ კი კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

“ასეთი მოძალებული ინტერესი პოლიტიკოსების მხრიდან, ასეთი მოძალებული ინტერესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მე მიამჩნია სარისკოდ და მეტიც, საეჭვოდ,”– განაცხადა ზვიად ქორიძემ “კურიერთან”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი