ახალი ამბები

განათლების ერთიანი სისტემა საბავშვო ბაღებისთვის

8 დეკემბერი, 2015 • 1587
განათლების ერთიანი სისტემა საბავშვო ბაღებისთვის

„ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს განათლების ერთიან სისტემას სთავაზობს. აღნიშნული საკითხის შესახებ ნეტგაზეთთან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია ჯოხაძე საუბრობს.

ქალბატონო ნათია, რას მისცემს ქვეყანას ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი?

სკოლამდელი და ადრეული განათლების შესახებ ჩვენ აქამდე არ გვქონია საკანონმდებლო რეგულაციები. ის ფაქტი, რომ კანონპროექტი უკვე მომზადებულია, ჩემთვის უკვე ძალიან პოზიტიურია იმიტომ, რომ ვიწყებთ სისტემის შექმნას და შემდეგ, მის რეგულირებას.

აქამდე კანონქვემდებარე აქტებიც სკოლამდელ განათლებას ნაკლებად ეხებოდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჰქვია ჯერჯერობით ამ დაწესებულებებს და არა განათლების. მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელები მუშაობენ საგანმანათლებლო კომპონენტზეც, ათვლევინებენ, ახატინებენ და ა.შ. ეს არ არის სისტემური მიდგომა. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ამ სფეროზე სისტემური ხედვა უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს ინტეგრირებული, როგორც აღზრდის, ასევე განათლების კომპონენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გქონდეს საგანმანათლებლო სტანდარტი, აღმზრდელი უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული. ახალი კანონის მიხედვით, მას აღმზრდელ-პედაგოგი ერქმევა და ის მხოლოდ აღმზრდელი არ იქნება. უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო მონიტორინგი საგანმანათლებლო კომპონენტზე.

უკვე გაკეთებული გვაქვს სასკოლო მზაობის სტანდარტი, რომელიც აგვისტოში დამტკიცდა და სკოლამდელი განათლების პროცესი უკვე მიმდინარეობს ბაღებში, თუმცა ეს ეხება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც მომავალ წელს მიდიან სკოლაში. მანამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვის ჯერ არ არის ოფიციალურად სტანდარტი დამტკიცებული. 2016 წელს გვეგმავთ, რომ ეს სტანდარტები მომზადდეს და დამტკიცდეს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მონიტორინგის კომპონენტი შემოგვაქვს. ჯერჯერობით, 2016 წელს ეს მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფებში განხორციელდება. ანუ შემოწმდება, რამდენად სთავაზობს ბაგა-ბაღი სასკოლო მზაობის პროგრამას იმ ბავშვებს, ვინც მომავალ წელს სკოლაში უნდა შევიდეს.

კანონპროექტი შესაბამისი კადრების გადამზადებას ითვალისწინებს, ალბათ. არსებული აღმზრდელები გადამზადდებიან?

არსებული კადრის გარკვეული ნაწილი უკვე გადამზადდა სასკოლო მზაობის პროექტის ფარგლებში. ერთი ტრენინგი გაეროს ბავშვთა ფონდმა [Unicef] ჩაატარა, სადაც მოწვეული იყვნენ როგორც მეთოდისტები, ასევე, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ვისაც სკოლამდელი განათლების კუთხით აქვს მიმართულებები. შემდეგი ტრენინგი ჩაატარა მასწავლებელთა სახლმა, რომელმაც მეთოდისტები გადაამზადა. ჯერჯერობით საკანონმდებლო დონეზე არ არის გამიჯნული, მასობრივ გადამზადებას ვინ გააკეთებს. ვმსჯელობთ ამაზე. მე მგონია, რომ სამინისტრო უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად მეთოდისტების გადამზადებაში და მერე მუნიციპალიტეტი უნდა იყოს პასუხისმგებელი, მეთოდისტების საშუალებით გადაამზადოს აღმზრდელები, რომლებიც გახდებიან აღმზრდელ-პედაგოგები. ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნით, უბრალოდ, რადგანაც სფერო არის დეცენტრალიზებული, ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია და ადგილობრივს – თავისი. მაინც, საბოლოო ჯამში, მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესებზე.

მონიტორინგიც ორსაფეხურიანი იქნება, რადგანაც ისევ და ისევ ეს არის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება იზრუნოს ხარისხზე, სერვისზე და ა.შ. მაგრამ რადგან ცენტრალური ხელისუფლებაც შემოდის თავისი სავალდებულო სტანდარტებით, ჩვენ ჩავერთვებით იმ მიმართულებით, რომ უნიფიცირებული იყოს ჩვენი რეკომენდაციები ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენი მონიტორინგი ისეთი ინტენსიური არ იქნება, როგორც მუნიციპალიტეტის, მაგრამ, ცხადია, ის დაეყრდნობა მეცნიერულ-სტატისტიკურ შერჩევას, ისევე როგორც სკოლებში, როდესაც ვაკეთებთ კურიკულუმის იმპლემენტაციის მონიტორინგს.

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

საერთაშორისო პრაქტიკაა ის, რომ ეს სფერო დეცენტრალიზებულია ყველგან, მაგრამ უმეტეს წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნებში ცენტრალური ხელისუფლება ჩართულია.

ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ განათლების სამინისტრო ამ სფეროში ერთადერთი მოთამაშე არ არის. ჩვენ რომ საბავშვო ბაღის კლასის სტანდარტი დავაწესოთ, რამდენად იქნება ხელმისაწვდომი და შესასრულებელი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი