ახალი ამბები

პრეზიდენტი: საქართველო ვერ მოიგებს რუსულ-თურქულ დაპირისპირებაში

7 დეკემბერი, 2015 • 978
პრეზიდენტი: საქართველო ვერ მოიგებს რუსულ-თურქულ დაპირისპირებაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”გადაცემა” ბარიერში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებით ვერ მოიგებს.

”ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობისმოყვარე ადამიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ხედვა რეგიონში ემყარება ეკონომიკური თანამშრომლობის ვექტორებს და ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების განხორციელება სტაბილურობისა და სიმშვიდის გარეშე ძალიან რთულია. ორ დიდ ქვეყანას შორის მყოფ შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოს, იმისთვის. რომ ამ დაპირისპირებამ სირთულეები არ შეუქმნას, მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მშვიდობის გაღრმავებას რეგიონში. ამას უნდა ეცადოს ჩვენი დიპლომატიური უწყებები, ამას უნდა ეცადონ ჩვენი პოლიტიკოსები. ეს უნდა იყოს ის რიტორიკა, რომლითაც მივდივარ და მათ შორის ამ საკითხების ნაწილი არის ის თემები, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ გავშლი ეთერში, რომელიც ეხება უშიშროების საბჭოს ფორმატს. ჩვენი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით ძალიან შეზღუდულია. ნათლად  უნდა ვნახოთ, რომ საქართელოს მოგება ამ შემთხვევაში არის მშვიდობა. საქართველო ვერ მოიგებს რუსულ-თურქულ დაპირისპირებაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის განცხადებით, თავიდანვე საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვს თავისი წვლილი და 1990-იანი წლებიდან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშია ჩართული.

”საქართველოს თავისი როლი მნიშვნელოვანწილად უკვე განსაზღვრული აქვს ძალიან ზუსტად, და ეს მოხდა საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივად განვითარების პირველივე ეტაპზე. საქართველომ თავისი როლი კავკასიაში განსაზღვრა, როგორც რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობის შემქმნელი ქვეყანა. ქვეყანა, რომელსაც აქვს ნათელი დასავლური არჩევანი. ის თავის საზოგადეობას, პოლიტიკურ სისტემას და პოლიტიკურ ორიენტაციას ავითარებს დასავლეთის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი