პატრიარქისათვის შეწყალების უფლების მინიჭების ინიციატივის საწინააღმდეგო აქცია “გადადექი! წადი მონასტერში!”, რომელიც დღეს, 7 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიის წინ უნდა გამართულიყო, გადაიდო. აქციის ორგანიზატორები გადადების მიზეზად პროვოკაციისა და დაპირისპირების თავიდან არიდებას ასახელებენ.
კერძოდ, აქციის ორგანიზატორის განცხადებით, ადამიანებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან არეულობითა და პროვოკაციებით, თავიანთ მოწოდებებში შეცვალეს აქციის აზრი და “რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციაში” გაავრცელეს მათთვის სასურველი მესიჯი, თითქოს აქცია პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წარმოამდგენელმა, ლადო სადღობელაშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არაადეკვატური იყო და იგი მისვლას აპირებდა. “არ დაიწყოთ მერე პროვოკაციაზე მოვიდნენო!”– წერს სადღობელაშვილი.
“განსხვავებით ამ ადამიანებისგან, აქციის ორგანიზატორები არ არიან დაინტერესებული პროტესტით პროტესტისთვის, არც იმით, რომ აქციის რომელიმე მონაწილე, თუნდაც წინააღმდეგობის გასაწევად მოსული პროვოკატორი გახდეს ვერბალური ან/და ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი,”– აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მისასალმებელია საპატრიარქოს პოზიციაც:
“საფრთხე იმისა, რომ სასულიერო ინსტიტუციას უკვე კანონით გაუფორმდება პატიმრების შეწყალების უფლება, ამ წუთში განეიტრალებულია თვითონ საპატრიარქოს მხრიდან, რაც, რასაკვირველია, მისასალმებელია და რის გამოც აქციის ჩატარება მხოლოდ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების ინტერესებში რჩება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის გადადება.
ჩვენ არ ვფიქრობ, რომ აქციის გადადება, მით უმეტეს, როცა სიტუაცია ასე თუ ისე განმუხტულია ამ მომენტისთვის, ნიშნავს უკან დახევას. პირველი ნაბიჯი „შემხვედრი მიმართულებით“ თვითონ საპატრიარქომ გადადგა, ამიტომ ვთლით, რომ აქციაზე უარის თქმა შეიძლება იყოს ამ ინსტიტუციასთან მართალია დისტანციური, მაგრამ მაინც გარკვეული დადებითი კომუნიკაციის მაგალითი,”– აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რა დროით გადაიდო აქცია, თუმცა ნათქვამია, რომ მშვიდობიანი ბრძოლა ქვეყნის სეკულარული მოწყობის დასაცავად გაგრძელდება.
აქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 5 დეკემბერს ილია მეორემ განაცხადა, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმრის შეწყალების უფლება. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით პრემიერი–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმართავს პრეზიდენტსა და პარლამენტს შესაბამისი იდეის განხილვის თხოვნით.
აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ რეაქციის გაპროტესტებას გეგმავდნენ:
“შევახსენებთ ხელისუფლების ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს, რომ ისინი სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს დაქირავებული მოხელეები არიან. მათ ხელფასს საქმეში ვუხდით და არა ლოცვაში. მათგან მოვითხოვთ, საკუთარი რელიგიური გრძნობები დატოვონ სახლში და მოძღვართან, გამიჯნონ მისგან სახელმწიფო მოხელის ფუნქციები და ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გადადგომას, როგორც სუსტი ჩინოვნიკების, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე თავიანთი საქმიანობის ლეგიტიმაციას ვერ ახერხებენ,” – ნათქვამი იყო აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
მოგვიანებით, განმარტება გააკეთა თავად საპატრიარქომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ პატრიარქის განცხადება იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის სურვილი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე.