ახალი ამბებიხელოვნება

2015 წლის საუკეთესო 10 წიგნი – ”ნიუ-იორკ თაიმსი” გირჩევთ

8 დეკემბერი, 2015 • 2557
2015 წლის საუკეთესო 10 წიგნი – ”ნიუ-იორკ თაიმსი” გირჩევთ

ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა წლის 10 საუკეთესო წიგნის რეცენზია.

მაგდა საბო – კარი

საბოს შთამბეჭდავ რომანში აღწერილია მწერლის დაძაბული ურთიერთობა თავის მოსამსახურესთან – მასზე უფროს ქალთან.  სიუჟეტი ვითარდება განმარტოებული გულგრილობიდან დაუოკებელ გაშმაგებამდე. ავტორმა ამ ურთერთობიდან უფრო მეტი შეიცნო ადამიანებისა და სამყაროს შესახებ, ვიდრე მაშინ, როდესაც თავის საბეჭდ მანქანასთან მჯდომი მარტოობაში ატარებდა ერთფეროვან დღეებს. საბომ, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა, თავისი რომანი პირველად 1987 წელს, კომუნისტური მმართველობის ბოლო წლებში გამოაქვეყნა. ეს წიგნი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მეოცე საუკუნის უნგრეთში მცხოვრები ორი ქალის ისტორია სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა  ქვეყანაში.  შავი იუმორითა და აბსურდულობით გაჟღენთილი  გრძნობით საბო გვიამბობს ქვეყნის ისტორიის საშიში კურსისა და ადამიანის ტრაგიკული ბედის შესახებ.

მაგდა საბოს წიგნი კარი/ Magda Szabo The Door

მაგდა საბოს წიგნი კარი/ Magda Szabo The Door

ლუსია ბერლინი – სახელმძღვანელო დამლაგებელი ქალებისათვის: რჩეული მოთხრობები

ბერლინმა, რომლიც 2004 წელს გარდაიცვალა, დატოვა მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი მოთხრობები, რომლებიც მისი ცხოვრების მანძილზე, როგორც წესი, ლიტერატურულ ჟურნალებსა და პატარა წიგნაკებში ქვეყნდებოდა. აღნიშნული კოლექცია მოიცავს 43 მოთხრობას, რომლებიც ლუსია ბერლინს ფართო აუდიტორიას აცნობს, როგორც ცხოვრების უდრეკ და გულმოდგინე დამკვირვებელს, ვისი სიმპათიაც ჭკვიანი და მოლაქლაქე ქალებისკენ იხრება. იმ ქალებისკენ, რომლებიც იბრძოდნენ  მიეღწიათ იმაზე მეტისთვის, ვიდრე თავად – ბერლინმა მიაღწია, ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ქალმა, რომელმაც დამოუკიდებლად გაზარდა 4 შვილი. ბერლინის მოთხრობები, თავისი მაქსიმალისტური ემოციებითა და იშვიათი, შეულამაზებელი ენით, ეძღვნება ისეთ ქალებს, რომლებსაც ტომ უეითსის სიმღერებში შეხვდებით.

ლუსია ბერლინის ”სახელმძღვანელო დამლაგებელი ქალებისთვის”/Lucia Berlin A Manual for Cleaning Women: Selected Stories

ლუსია ბერლინის ”სახელმძღვანელო დამლაგებელი ქალებისთვის”/Lucia Berlin A Manual for Cleaning Women: Selected Stories



რეიჩელ ქასქი – კონტური

ქასქის დახვეწილი, არასტანდარტული და მომაკვდინებლად ინტელექტუალური ნოველა “კონტური” , მისი მერვე ნაწარმოები, არის სერია ცალმხრივი საუბრებისა. განქორწინებული ქალი მოგზაურობს საბერძნეთში.  მთხრობელი ყვება, უფრო სწორად კი, უსმენს ხალხს, რომელსაც ხვდება, ისრუტავს მათ ისტორიებს სიყვარულსა და დანაკარგზე, თვალთმაქცობაზე, სიამაყესა და ჭირვეულობაზე. გაცვეთილი თემები – ზრდასრულობა, განქორწინება, სევდა – ავტორის ხედვით სახიფათოდ ახლებურად გამოიყურება. მისი შინაგანი სინათლე  მკითხველმა შეიძლება   შორსმჭვრეტელურადაც კი აღიქვას და იფიქროს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს იმავე ხელყოფისა და დაუცველობის განცდის წინაშე.

რეიჩელ ქასქის ”კონტური”/ Outline By Rachel Cusk

რეიჩელ ქასქის ”კონტური”/ Outline
By Rachel Cusk

პოლ ბიტი – ღალატი

წლის ყველაზე ხალისიანი და ამავდროულად აღმაშფოთებელი სატირა ეხება ახალგაზრდა შავკანიანი კაცის ლტოლვას, რომელიც მანამდე, სანამ ამერიკაში შავკანიანთა გადარჩენის თითქმის 400-წლიან ისტორიას გააცნობიერებს, გადაწყვეტს გამოეყოს თავის სკოლას და აღადგინოს მონობა საკუთარ სახლში. ბიტის მახვილგონივრული და ჯადოსნურად არაკორექტული  ნოველა არის უშიშარი, მეტაფორული, მულტიკულტურული ფიალა, რომელიც მეტისმეტად ცხელია იმისთვის, რომ შეეხო.

პოლ ბიტის ”ღალატი”/The Sellout By Paul Beatty

პოლ ბიტის ”ღალატი”/The Sellout
By Paul Beatty

ელენა ფარანტი – დაკარგული ბავშვის ისტორია: წიგნი მეოთხე, ნეაპოლური ნოველები: “მოწიფულობა, ხანდაზმულობა”

ფარანტეს ნეაპოლური კვარტეტის მეოთხე წიგნი, წინა სამის მსგავსად, სიღარიბის, ამბიციის, ძალადობისა და პოლიტიკური ბრძოლის ფონზე ქალებს შორის განვითარებული მეგობრობის ხმაურიან და ნაჩქარევ აღმოჩენებს გვაცნობს. მას შემდეგ, რაც ელენა და ლილა,  ბავშვობის დროინდელი მეტოქე გოგონები, რომელთა ურთიერთობის ისტორიაც გასდევს წიგნის სერიებს, დაქორწინებიან და გახდებიან მშობლები, ფარანტე ყურადღებას კვლავ თანამედროვე ქალების იდენტობის რადიკალიზმზე ამახვილებს,  განსაკუთრებით ხელოვანი ქალის ბრძოლას თავისი ბიოლოგიური და სოციალური ყოფის წინააღმდეგ.

ელენა ფარანტეს ”დაკარგული ბავშვის ისტორია, ნაპოლური რომანების მეოთხე წიგნი: ”მოწიფულობა და ასაკი”/ The Story of the Lost Child: Book 4, The Neapolitan Novels: “Maturity, Old Age” By Elena Ferrante

ელენა ფარანტეს ”დაკარგული ბავშვის ისტორია, ნაპოლური რომანების მეოთხე წიგნი: ”მოწიფულობა და ასაკი”/ The Story of the Lost Child: Book 4, The Neapolitan Novels: “Maturity, Old Age”
By Elena Ferrante



ტა-ნეისი ქოუთსი  – ჩემსა და სამყაროს შორის


ერთი წუთით დაივიწყეთ გავრცელებული შედარებები ჯეიმს ბოლდუინთან, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ყურადღება გადაგვატანინონ იმაზე, თუ რამდენად ორიგინალურია ქოუტსის წიგნები. თავისი ვაჟისადმი მიძღვნილი წერილის ფორმით აგებული რომანი არის იმის აღწერა, თუ რას ნიშნავს შავკანიანისთვბის იზრდებოდე ქვეყანაში, რომელიც აგებულია მონურ შრომასა და “შავი სხეულების განადგურებაზე.” ეს წიგნი უარყოფს  შეუქცევად და ფანტასტიკურ აბსტრაქციებს. ქოუტსი თავის ვაჟს გულახდილი რეალობით უამბობს შეუპოვარი და საშინელი ბრძოლის შესახებ, რომელიც ძვალ-რბილში ატანს.

ტა-ნეისი ქოუუთსის ”ჩემსა და სამყაროს შორის”/Between the World and Me By Ta-Nehisi Coates

სვენ ბეკერტი – ბამბის იმპერია: მსოფლიო ისტორია

თუკი შაქარი იყო მე-18 საუკუნეში წარმოებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ზეთი – მეოცე საუკუნეში, მაშინ ბამბა ნამდვილად უნდა მიეჩნიათ მე-19 საუკუნის მეფედ. ამ ფართო, ამბიციურ და შემაშფოთებელ კვლევაში ბეკერტი აღწერს მსოფლიო ინდუსტრიის ყველა ფაზას, რომელიც უმოწყალოდ იყენებდა მილიონობით მონასა და მუშახელს. ბეკერტის ნაამბობის მიხედვით, ბამბის ინდუსტრიალიზაცია ძალადობის ნიადაგზე განხორციელდა და მისი შექმნის ისტორია თანამედროვე სამყაროს განვითარების მსგავსია. იგი წერს, რომ დღესაც კი, ინდუსტრია ცდილობს ნახოს უფრო იაფი მუშახელი.

სვენ ბეკერტის ”ბამბის ისტორია”/Empire of Cotton: A Global History By Sven Beckert

სვენ ბეკერტის ”ბამბის ისტორია”/Empire of Cotton: A Global History
By Sven Beckert

ჰელენ მაკდონალდი – H Is for Hawk

პოეტი, ისტორიკოსი და ბაზიერი ჰელენ მაკდონალდი მემუარებში გვიზიარებს თავის წარუშლელ შთაბეჭდილებას მტაცებლზე, როგორც სასტიკ არსებაზე. მამის გარდაცვალების გამო ყურადღების გადასატანად ის გადაწყვეტს გაექცეს სამყაროს და მარტოობაში აღზარდოს და გაწვრთნას ქორი, სასტიკი მტაცებელი. ქორი ავტორის თანამგზავრი ხდება სევდისა და მისი ხასიათის ყველაზე ველური ფორმით გამოვლინებისას. 

H Is for Hawk By Helen Macdonald

ანდრეა ვულფი – ბუნების გამოგონება: ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ახალი სამყარო

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი შეიძლება თავის ეპოქაში ღირსშესანიშნავი მეცნიერი ყოფილიყო, ყველაზე პოპულარული, ნაპოლეონის შემდეგ. მაგრამ, გარდა მშობლიური გერმანიისა,  სხვაგან ნაკლები რეპუტაციით სარგებლობდა. ვულფი- თავისი ცოცხალი, შთამბეჭდავი კვლევით- ეხმარება მკითხველს, გადააფასოს წარმოდგენები ეკოლოგიაზე. მისი მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ დედამიწა  ერთი დიდი ორგანიზმია, რომლის ყველა ნაწილი ურთიერთკავშირშია და  ჩვენი წინდაუხედავი ქმედებებით შეიძლება კატასტროფულად დაზიანდეს.

ანდრეა ვულფის ”ბუნების გამოგონება: ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი”/The Invention of Nature: Alexander von Humboldt’s New World

ოსნე საიეშტადი – ერთ-ერთი ჩვენგანი: ამბავი ანდერს ბრეივიკსა და ნორვეგიაში მასობრივი ხოცვის შესახებ

ამ ჩინებულ რეპორტაჟში ნორვეგიელი ჟურნალისტი, საიეშტადი, ანდერს ბრეივიკის მაგალითზე იკვლევს სკანდინავიის უარყოფით მხარეს.  2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა მოკლა 77 ადამიანი, რომელთა უმეტესობა თინეიჯერი იყო. ეს იყო მკვლელის პროტესტი, რომელიც მიმართული იყო ქალთა უფლებების, კულტურული მრავალფეროვნებისა და ისლამის გავლენის ზრდის წინააღმდეგ. ავტორი გვიამბობს ბრეივიკის აუტანელი ბავშვობის შესახებ, რაც წიგნს უფრო მეტ სიმძიმეს მატებს. ეს ტრაგედია არ არის ლიტერატურული ფანტაზია ან სიმბოლიზმი, ეს ნამდვილი ისტორიაა.

ოსნე საირსტადი - ერთ-ერთი ჩვენგანი: ამბავი ანდერს ბრეივიკსა და ნორვეგიაში მასობრივი ხოცვის შესახებ/One of Us: The Story of Anders Breivik and the Massacre in Norway By Asne Seierstad

მასალების გადაბეჭდვის წესი