ახალი ამბები

სუს: თარგამაძემ უნდა მიმართოს საგამოძიებო უწყებას, თუ კონკრეტული მტკიცებულებები აქვს

5 დეკემბერი, 2015 • 2125
სუს: თარგამაძემ უნდა მიმართოს საგამოძიებო უწყებას, თუ კონკრეტული მტკიცებულებები აქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება დეპუტატ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ სუს-ის დავალებით “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია უნდა ეცემათ.

“თუ გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია, ფაქტები ან მტკიცებულებები, უნდა მიმართოს საგამოძიებო უწყებას”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” სუს-ის პრესსამსახურში.

შეკითხვაზე, რომ დეპუტატმა საჯარო შეტყობინება გააკეთა, როდესაც პრესკონფერენციაზე გაახმაურა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და, შესაბამისად, დაიწყება თუ არა მოკვლევა, სუს-ში უპასუხეს, რომ მეტს ვერაფერს იტყვიან ამ საკითხზე.

“რამდენიმე ხნის წინ ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მისი პირადი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, სთავაზობდნენ შეექმნა გარკვეული ჯგუფი და ფიზიკურად გასწორებოდა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიასა და გადაცემა “არჩევნის” წამყვან გიორგი გაბუნიას.

მინდა მივმართო შესაბამის ორგანოებს, პირველ რიგში, შსს-ს, მათთვის ეს გარემოებები ცნობილია და კეთილი ინებონ, ეს ფაქტი გამოიძიონ”, – განაცხადა დღეს გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, ეს კონკრეტული დავალების მიღმა დგას სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი.

დეპუტატისვე თქმით, მასაც დაჰყვებოდა სუს-ის დავალებით მანქანა და უთვალთვალებდა. მათი დავალებაც იყო ანალოგიური – ფიზიკურად გასწორებდონენ.

“ვინაიდან მე ამის შესახებ წინასწარ ვიყავი ინფორმირებული, ვიქცეოდი შესაბამისად და მათ ამის განხორციელება ვერ შეძლეს. მინდა მივმართო პირადად ბატონ სოსო გოგაშვილს, საქართველო არ არის არც ყვარლის საკოლმეურნეო ბაზრის ხორცის განყოფილება, არც მის პირად კუთვნილებაში მყოფი ხორცის მაღაზია ნაძალადევის რაიონში. ცუდად დაამთავრებთ, ბატონო ჩემო”, – განაცხადა თარგამაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი