ახალი ამბები

გოკა გაბაშვილი ფარულ აუდიოჩანაწერზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

4 დეკემბერი, 2015 • 1880
გოკა გაბაშვილი ფარულ აუდიოჩანაწერზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც ვიდეოს გამავრცელებლის მტკიცებით თავის ძმასთან [ლადო გაბაშვილი] ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ჩანაწერში ლაპარაკია “დაპირისპირებაზე, რომელიც, ერთი მხრივ, გიგი უგულავას, გოკა გაბაშვილისა და გიგა ბოკერიას, ხოლო, მეორე მხრივ, სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ადეიშვილის გუნდებს შორის არსებობს”.

ნეტგაზეთმა გაბაშვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა, პარტიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ იგი ჯერჯერობით მედიასთან ურთიერთობას ვერ შეძლებს. ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, დღეს კომენტარი ენმ-ს სხვა წევრებმა გააკეთეს:

“იმ რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა ასეთი მოქმედებების ინსცენირებას აკეთებს, ძალიან მალე დამარცხდება. ის, რომ ასეთი ტიპის ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამოქვეყნება ხდება, ნიშნავს იმას, რომ მას თავად ეშინია ამის. ძალიან კარგად ხვდება, რომ ქართული ოცნების დასასრული მოახლოებულია”, – ამბობს აკაკი მინაშვილი.

“ჩვენ მოსმენას ჯობია ხალხს მოუსმინონ, ადამიანები დაასაქმონ, ეკონომიკა გაზარდონ, კრიმინალი შეამცირონ. მესმის, რომ სოლოლაკში დაბინავებული ადამიანისთვის კარგი გასართობია, რომ სხვას და მთელ საქართველოს მოუსმინონ. ზოგიერთებს ჰქონდათ განცდა, რომ მოსმენები დამთავრდა, მაგრამ ეს ჰობია და გაგრძელდება. ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ. ივანიშვილი და “ქართული ოცნება” დამარცხდება 2016 წელს. ჩვენ შურისძიებით და დაპირისპირებით კი არ უნდა მოვიდეთ, არამედ იმისთვის, რომ საქმე გავაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ”, – აცხადებს მიშა მაჭავარიანი.

“პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს ვერ უშველის. ვერც ერთი ხელისუფლებისათვის ვერ უშველია ასეთ რაღაცას. არსებობს გამოციდლება, რომ ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ძალიან სწრაფად იცვლება ხელისუფლება. ვერ უშველით, როცა ისინი ცდილობენ ჩვენს პრივატულ სივრცეში შესვლას, ოჯახებში შემოსვლას და თვალთვალს, საპირფარეშოში თვალთვალს. ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ეს კარგად აჩვენებს, რომ მთავრობის ძალიან სერიოზული ეროზია იწყება და ივანიშვილის რეჟიმი, ფაქტობრივად, იშლება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობირებული, თუ რა გვაერთიანებს. სწორედ ასეთი მაგალითები გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ სწრაფად გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი”, – აღნიშნავს სერგო რატიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი