პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ითხოვს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვამდე გამოიკვეთოს მთავრობის პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლები სადაო მუხლს მეორე მოსმენით მხარს არ დაუჭერენ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა. კომიტიტის პოზიციით, დაწესებულების ხელმძღვანელს არ უნდა მიეცეს უფლება, საჯარო მოსამსახურეს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და შემოწმების რაოდენობის მაქსიმუმი კანონმა უნდა განსაზღვროს.
პროექტის ერთ–ერთი მუხლის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება ეძლევა, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა საჯარო მოსამსახურეს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს. ამ ინიციატივას ცალსახად ეთანხმება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და როგორც მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ვინაიდან ნარკოლოგიური შემოწმების ინიციატორი გაიღებს შემოწმების ხარჯებს, იგი არც შემოწმების რაოდენობით უნდა შეიზღუდოს.
“აუცილებლად უნდა განისაზღვოს წელიწადში რამდენჯერ შეიძლება შემოწმდეს საჯარო მოხელე და კანონით დადგინდეს ამ შემოწმებათა რაოდენობის ზღვარი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა. მისი თქმით, ეს დაწესებულების ხელმძღვანელს უფლებას არ მისცემს, შერჩევით მოაწყოს შემოწმება და საჯარო მოხელე უფროსის სუბიექტივიზმისგანაც დაცული იქნება. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, ნარკოლოგიური შემოწმება არც ისე იაფი პროცედურაა და ამაში საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯება, კანონი კი, თუ რაოდენობას არ განსაზღვრავს, კონტროლის პალატა მოკლებული იქნება შეაფასოს გაღებული ხარჯების მიზნობრიობა.