ახალი ამბები

TI: ჯაჭვლიანის ინიციატივა საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა და შშმპ უფლებებს

2 დეკემბერი, 2015 • 1376
TI: ჯაჭვლიანის ინიციატივა საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა და შშმპ უფლებებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) იუწყება, რომ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება ეხება სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს. კერძოდ, TI-ის ცნობით, შემოთავაზებულ ვარიანტში მთავარი ცვლილებაა სიტყვა „მოძრაობის“ ჩანაცვლება სიტყვათშეთანხმება „საავტომობილო მოძრაობით“, რაც გულისხმობს, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება, მაგალითად, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტის მიზანი და ძირითადი არსი ხსენებული მუხლის მოქმედების სფეროდან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხების შემთხვევების გამორიცხვაა.

“წარმოდგენილი კანონპროექტი საფრთხის შემცველია და (დამტკიცების შემთხვევაში) მნიშვნელოვნად გააუარესებს მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი, თბილისში”, – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოქალაქეს, გადაადგილდეს გზის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, ტროტუარზე და აწესებს აკრძალვას მოცემულ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერებისათვის.

“შემოთავაზებული კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხევაში, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისათვის, რომელიც შეიძლება აფერხებდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა – დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა- აღარ იარსებებს. შესაბამისი ორგანოები მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ამოწერით შეიძლება შემოიფარგლონ, რაც, ვფიქრობთ, არასაკმარისი საშუალებაა და საკმარისად ვერ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს”, – აცხადებს TI.

ორგანიზაციის შეფასებით, “დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება (რომლის თანახმადაც, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მოძრაობას აფერხებენ) გულისხმობს ტროტუარზე პარკირების პრობლემასთან ბრძოლის დღეს არსებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტური მექანიზმის გაუქმებას და ამდენად მნიშვნელოვნად დაამძიმებს როგორც ზოგადად ფეხით მოსიარულეების, ისე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში”.

ამასთან, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში აცხადებენ, თანამედროვე ქალაქგანვითარების საუკეთესო პრაქტიკა (რომელიც სულ უფრო ფართოდ მკვიდრდება როგორც ევროპაში, ისე განვითარებული სამყაროს სხვა ქვეყნებში) გულისხმობს ურბანული გარემოს მორგებას, პირველ რიგში, ფეხით მოსიარულეების ინტერესებზე (როგორც წესი, ავტომობილებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების ხარჯზე):

“ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ აუარესებს მდგომარეობას საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქების მოწყობის თანამედროვე პრინციპებს”.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივას.

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წევრმა იოსებ ჯაჭვლიანმა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად წარადგინა საკანონდებლო ინიციატივა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ 30 ნოემბერს პარლამენტის ბიურომ ჯაჭვლიანის ინიციატივის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი