ახალი ამბები

მილიონიანი ახალი აიპი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დეიდაშვილისთვის

2 დეკემბერი, 2015 • 2232
მილიონიანი ახალი აიპი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დეიდაშვილისთვის

ახალ, მაღალბიუჯეტიან არასამეწარმეო იურიდიულ პირს (აიპ) აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი რაულ ჩელებაძე უხელმძღვანელებს. აიპ “ქობულეთის სანდასუფთავება” გამგეობამ გასულ კვირას საკრებულოს თანხმობით შექმნა. აიპის ბიუჯეტი 1 მილიონ 100 ათასი ლარი იქნება.

ცოტა ხნის წინ არჩილ ხაბაძის დეიდაშვი-ლის რაულ ჩელებაძის ქობულეთის სანდასუფთავების განყოფილების კოორდინატორად დანიშვნას აჟიოტაჟი მოჰყვა. ზოგადად, არჩილ ხაბაძის დეიდისა თუ მისი ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დანიშვნის გამო არჩილ ხაბაძეს არაერთხელ შეექმნა უხერხული მდგომარეობა – მას ნეპოტიზმში ადანაშაულებდნენ. ახლა ქობულეთში, პირად საუბრებში, ასევე ამბობენ, რომ რაულ ჩელებაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას წინ უსწრებდა ქობულეთის გამგებლის კაბინეტში სერიოზული შეხლა-შემოხლა.

რაულ ჩელებაძემ თანამდებობა მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარის მთავრობის პირველი პირის დეიდაშვილისთვის სხვა ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მუშაობა არც ისე მომხიბვლელი აღმოჩნდა.

ბოლო წლებია ქობულეთის სანდასუფთავება, როგორც განყოფილება, ბათუმის სანდასუფთავების შემადგენლობაში იყო. ახლა მას აიპის დირექტორის თანამდებობა მოუმზადეს.

რაულ ჩელებაძე

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ახალი აიპის შექმნის ინიციატივა ქობულეთის გამგებელს სულხან ევგენიძეს ეკუთვნის. წერილში, რომლითაც მან საკრებულოს თავმჯდომარეს, სულხან ოქროპირიძეს თანხმობის მიღების თხოვნით მიმართა, აიპის შექმნა დასუფთავების სფეროში კონკურენტული გარემოს არარსებობით ახსნა.

“ქობულეთის მუნიციპალიტეტი სანიტარული დასუფთავების შესყიდვას ყოველწლიურად ახორციელებს, რაც სოლიდურ ფინანსურ სახსრებთან არის დაკავშირებული. ამ სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას ტენდერში და არაკონკურენტული გარემოა. გარდა ამისა, როცა იგეგმება წლიური მომსახურების მოცულობა და ღირებულება, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება ცნობილი, რომ მოცულობა სრულიად არის ათვისებული და დარჩენილ თვეებზე მომსახურების მისაღებად დამატებითი სახსრების მიღება გვჭირდება. აღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია დაფუძნდეს ააიპ “ქობულეთის დასუფთავება”, რომელიც მუნიციპალიტეტს მოემსახურება”, – ნათქვამია გამგებლის მიმართვაში.

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ახალი აიპის შექმნის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხს შეეწინააღმდეგა “ნაციონალური მოძრაობა”. ფრაქციის წევრების თქმით, ახალი აიპის მართვა ქობულეთის ბიუჯეტს ტვირთად დააწვება, მით უმეტეს მაშინ, როცა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკაც კი არ გააჩნია.

“ქონებას დავიბრუნებთ. თქვენც ხომ გინდოდათ ქობულეთის ქონების დაბრუნება, როცა ხელისუფლებაში იყავით, რატომ ვერ დაიბრუნეთ?” – უპასუხეს საკრებულოში ენმ-ის წარმომადგენელს ელგუჯა ბაგრატიონს დარბაზიდან, რომელსაც პასუხი არ გაუცია. სამაგიეროდ კითხვას რიტორიკულად უპასუხა ნათია თხილაიშვილმა “ქართული ოცნების” უმრავლესობიდან: “იმიტომ, რომ დეიდაშვილი არ გყავდათ?”…

ქობულეთის გამგებლის მოადგილის ირაკლი ცეცხლაძის განმარტებით, რომელმაც საკითხი სხდომაზე წარმოადგინა, საუბარია იმ ქონებასა და შენობაზე, რომელსაც “ბათუმის სანდასუფთავების” ქობულეთის სამსახური მოიხმარდა.

“ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება [ბათუმის] მერიასთან ამ ქონების გადმოცემაზე. ეს არის ორი დიდი კუბაჟობის მანქანა, სამი მცირე კუბაჟობის მანქანა და ერთი თვითმცვლელი. არის ასევე სხვა ადმინისტრაციული ქონება, კომპიუტერები და ა.შ. და შენობა. ეს ყველაფერი გადმოვა ჩვენს ბალანსზე, რაც მთლიანობაში მილიონზე მეტის ღირებულებისაა. ანუ ჩვენი კაპიტალი გაიზრდება. დამატებით ვგეგმავთ კიდევ ერთი მანქანის შეძენას ახალი აიპისთვის. ამ მანქანისთვის საჭირო თანხის გამოკლებით ახალი აიპისთვის ბიუჯეტში 1 მილიონ 100 000 ლარს გავითვალისწინებთ”.

რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და დაამტკიცა. სხდომას რაულ ჩელებაძეც ესწრებოდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი სანიტარული დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურებაზე კონტრაქტს ამ დრომდე შპს “ბათუმის სანდასუფთავებასთან” აფორმებდა. შპს “ბათუმის სანდასუფთავება” ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციაა. ქობულეთში კი ამ ორგანიზაციის სამსახური ფუნქციონირებდა.

“ბათუმის სანდასუფთავების” დირექტორის დავით ასამბაძის ინფორმაციით, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელად რაულ ჩელებაძე არ დაუნიშნავთ და ეს ადგილი ვაკანტურია. რაულ ჩელებაძე მხოლოდ კოორდინატორია და ამ დროისთვის სამსახურის უფროსის მოვალეობასაც ასრულებს. მისივე თქმით, რაულ ჩელებაძეს თანამდებობის მისაღებად არც არჩილ ხაბაძის და არც სხვა რომელიმე თანამდებობის პირის რეკომენდაცია არ დასჭირვებია: “კოორდინატორის თანამდებობა რა გგონიათ? არ არის ეს ისეთი თანამდებობა, რომ ვინმე მნიშვნელოვანი პირის რეკომენდაცია იყოს საჭირო”.

ქობულეთის გამგებლის მოადგილის ირაკლი ცეცხლაძის განმარტებით კი, ახალი მაღალბიუჯეტიანი აიპის ხელმძღვანელი სწორედ ის გახდება, “ვინც ახლა ქობულეთში სანდასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობს. რატომ გადავწყვიტეთ და მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ. რამდენიმე თვეა, რაც ის ქობულეთის სანდასუფთავებას ხელმძღვანელობს – ქუჩები დასუფთავებულია, ნარჩენები დროულად გააქვთ და შენიშვნები მასთან არ გვქონია”.

ირაკლი ცეცხლაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რაულ ჩელებაძეს არც სრული და არც უმაღლესი განათლება არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება:

“2006-2010 წლებში მან ჯერ თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ერთწლიანი სკოლა და შემდეგ ევროპული უნივერსიტეტი დაამთავრა [ბათუმში]. ხოლო ბოლო დროს გაიარა საფინანსო სკოლა”, – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე. თუმცა იმასაც ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ უნახავს: “მან მხოლოდ ცნობა წარმოადგინა, რადგან ფული ჰქონია გადასახდელი და ვერ გამოუტანია დიპლომი”.

“ბათუმელები” რაულ ჩელებაძესაც დაუკავშირდა: “ეს აიპი ჩემთვის არ შეუქმნიათ, იმისთვის გააკეთეს, რომ ეკონომიები მიიღონ, რითაც შემდეგ შეიძლება მწვანე ზოლი დაემატოს. ეს ხარჯები მათ მე მთხოვეს და ჩემგან წაიღეს. მე ახლა [ბათუმის] მერიის დაქვემდებარებაში ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, კარგი თანამშრომლები მყავს, აიპი არ მჭირდებოდა, მას ჩემთვის არ აკეთებენ. ახლა ქობულეთს თავისი აიპი ექნება, მე არ ვიცი დამაწინაურებენ თუ დამაქვეითებენ, ეს ჯერ ჩემთვის არავის უთქვამს.
რაც შეეხება ჩემს განათლებას, თუ გაინტერესებთ გეტყვით, რომ ევროპული უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით”.

რაც შეეხება ქონების გადაცემის საკითხს, რაზეც ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე საუბრობდნენ, ბათუმის სანდასუფთავების ხელმძღვანელი, დავით ასამბაძე ამბობს, რომ არ იცის რა ქონებაზეა საუბარი, რადგან შპს “ბათუმის სანდასუფთავება” ტენდერის მოგებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაოებს ორგანიზაციის ტექნიკით ასრულებდა: “ქობულეთს ჩვენთვის არაფერი გადმოუცია. ერთადერთი, რაც შეიძლება იგულისხმებოდეს, ისაა, რომ თუ მთავრობამ გადაწყვიტა, შესაძლებელია ჩვენი ქონების ნაწილი უზურფუქტით ან რაიმე სხვა წესით გადასცენ ახალ აიპს. ეს მათი გადასაწყვეტია”.

გამგებლის წერილში კი ნათქვამია, რომ მომავალში ახალშექმნილი აიპისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა იქნება აუცილებელი, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები უნდა გაითვალისწინონ. გამგებლის აზრით, ამ ხარჯის გაწევა მომავალში გამგეობას თავიდან ააცილებს დასუფთავების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხოლო გამგეობა ნაკლები ფინანსური ხარჯით მიიღებს მომსახურებას.

ირაკლი ცეცხლაძის თქმით, ქობულეთის სანდასუფთავებაში ამ დროისთვის 85 თანამშრომელი მუშაობს. მისივე ინფორმაციით, აიპის გამართულად მუშაობისთვის შტატები აუცილებლად გაიზრდება, თუმცა რამდენით, ეს ჯერჯერობით მისთვის უცნობია.

რაულ ჩელებაძე ერთადერთი არ არის მისი ოჯახიდან, ვინც არჩილ ხაბაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმდა. 2014 წლის აპრილში რაულ ჩელებაძის და, ნატო ჩელებაძე ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო დეიდა სოფელ კვირიკეს ბაღის დირექტორად დანიშნეს.

რაულ ჩელებაძის და, ზოგადად, თავის ნათესავების საჯარო სამსახურებში დანიშვნასთან დაკავშირებით “ბათუმელების” მიერ დასმულ კითხვას არჩილ ხაბაძემ ასე უპასუხა: “აჭარა პატარა რეგიონია და ადვილია ნათესაური კავშირების გამოძებნა. ადამიანები იმის გამო არ უნდა დაიჩაგრონ, რომ ჩემი ნათესავები არიან. თუ კვალიფიკაცია და კომპეტენცია იძლევა საშუალებას, ყველა უნდა დაწინაურდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არ არის საჯარო სამთავრობო სამსახურზე. იგი ამ დროისთვის მუშაობს აიპი სამსახურში და გააგრძელებს მუშაობას, თუ გადაწყვეტს დამსაქმებელი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი