ახალი ამბები

სად იძებნება ვანო მერაბიშვილი

10 დეკემბერი, 2010 •
სად იძებნება ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი – თუკი ამ სახელს და გვარს რუსულ ენაზე ჩაწერთ გუგლის საძიებო სისტემაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესახებ შესაძლებელია უფრო მეტი რამ გაიგოთ, ვიდრე – ამ სახელისა და გვარის ქართულ ენაზე ჩაწერის შემთხვევაში.

„ეროვნული ბრენდი“, – ასე აფასებს მერაბიშვილს ტელეარხ ინტერის (უკრაინა) ჟურნალისტი; რუსული კომერსანტის ჟურნალისტი, წლის მანძილზე დაახლოებით ორ ინტერვიუს წერს მერაბიშვილთან; ლენტა.რუ–ზე ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიას გაეცნობით, ეხო მოსკვისა და რია ნოვოსტის გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუები ვანო მერაბიშვილთან.

პოლიტიკური ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ მერაბიშვილის პერსონით  რუსული მედიის დაინტერესება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება.

„ერთი ის არის, რომ მოსწონთ მერაბიშვილი და მისი რეფორმა, მეორეს მხრივ, პოლიციის თემა მტკივნეული  რუსეთისთვის – კორუმპირებულობა და ორგანიზაციის ხარისხი. ეს ორი თემა მერაბიშვილმა მაღალ დონეზე აიყვანა“ – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს არაერთი რუსული მედია აქვეყნებს. თუმცა მათ შორის ყველაზე აქტიური რუსული კომერსანტია (kommersant.ru).

კომერსანტის ინტერნეტ–გვერდი და რუსულენოვანი ჟურნალი კომერსანტ ვლასტი ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს, ყველა სხვა დანარჩენ მედიასთან შედარებით, ხშირად წერს.

კომერსანტის ჟურნალისტი ოლგა ალიონოვა ვანო მერაბიშვილს 2009- 2010 წელს რამდენჯერმე ესტუმრა და, შესაბამისად, რამდენჯერმე გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ გაზეთსა თუ ინტერნეტ გვერდზე.

მერაბიშვილთან სასაუბრო თემა, მცირე გამონაკლისების გარდა, ერთია: რეფორმა, რომელიც შს სამინისტრომ განახორციელა და პოლიციის რეიტინგი საქართველოში. თუმცა კარიერაზე საუბარსა და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, ვანო მერაბიშილი არ ერიდება პოლიტიკურ შეფასებებსაც. ის პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს.

 

ალიონოვას მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ვანო მერაბიშვილთან სხვადასხვა რუსულ და თითქმის ყველა ქართულ მედიაში იპოვით. ხშირად ქართული მედია სიახლეებს სწორედ რუსი ჟურნალისტების მიერ აღებული ინტერვიუდან იგებს ხოლმე. მაგალითად, საქართველოში მართვის მოწმობების თან ქონა სავალდებულო რომ აღარ იქნება მძღოლებისთვის, ქართულმა მედიამ რია ნოვოსტის გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან შეიტყო.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მერაბიშვილს მოსწონს რუსი ჟურნალისტების მიერ მის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული სიმპათია. მისი აზრით, სწორედ ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩნდება ის ხშირად მათი გამოცემების ფურცლებზე.

„რუსულ მედიაში დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილის მიმართ უფრო დადებითია, უფრო მეტი მოკრძალება და პატივისცემა იგრძნობა ამ ინტერვიუებში. ჩვენ, ბუნებრივია, უფრო შეჩვეული ვართ, ეს ერთი და მეორე, ჩვენთან უფრო კრიტიკული დამოკიდებულება არსებობს თემებზე, რომლებიც რუსებისთვის უმნიშვნელოა, ან უცნობი,“ – ამბობს საყვარელიძე.

გუგლის საძიებო სისტემაში ქართულ ენაზე „ინტერვიუ ვანო მერაბიშვილთან“ ჩაწერის შემთხვევაში, ის, რასაც მოძებნით, უკვე ჩამოთვლილი რუსული მასალების ქართულად თარგმანია.

შორენა შავერდაშვილი, ჟურნალ ლიბერალის  და ცხელი შოკოლადის დამფუძნებელიმ რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა იმედი აქვს, რომ ერთ დღეს ეს ინტერვიუ მაინც შედგება.

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე, პირველი არხის  ანალიტიკური გადაცემა დიალოგის წამყვანი, ნეტგაზეთთან  საუბარში ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ ვარდების რევოლუციის შემდეგ არ ჰქონია. ერთხელ, როცა პირისპირ შეხვდა, შემთხვევით ისარგებლა და გადაცემაში სტუმრად დაპატიჟა.

„მან მკითხა, რა თემაზე ვისაუბრებდით, იმ წუთას მომზადებული არ ვიყავი კონკრეტული თემისათვის. სპონტანურად ვკითხე. იმის იქით საქმე აღარ წასულა“ – ამბობს დავით პაიჭაძე. 

24 საათის მმართველი რედაქტორი პაატა ვეშაპიძე ამბობს, რომ არც კი ახსოვს, ბოლოს როდის გამოქვეყნდა მის გაზეთში ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ.

„ჩვენ კონკრეტული ინფორმაცია გვაინტერესებს, მინისტრები კი ზოგადად საუბრობენ. გვირჩევნია კონკრეტული ინფორმაცია სამინისტროს სხვა რგოლებისგან მივიღოთ“, – ამბობს ვეშაპიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტერვიუ იმდენად იშვიათი მოვლენაა ქართულ მედიაში, რომ საკმარისია სხვა მედიაში ვანო მერაბიშვილის ახალი ინტერვიუ გამოჩნდეს, მას თითქმის ყველა ქართული მედია ფრაგმენტულად, ან სრულად თარგმნის.

2010 წლის მანძილზე ვანო მერაბიშვილთან სულ მცირე ექვსი ინტერვიუ ჩაწერეს ჟურნალისტებმა. აქედან მხოლოდ ერთია ჩაწერილი ქართული მედიის მიერ: ტელეიმედის ეთერში გასულ სპეციალურ რეპორტაჟში (12 ნოემბერი, 2010 წელი) ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩნდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხშირად რუსულ მედიაში, მერაბიშვილი პასუხობს, რომ ის ამ ფორმით მისი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა.

„როცა სხვისი (რუსი ჟურნალისტის) აღფრთოვანება იგრძნობა ტექსტში, ეს უფრო გადამდებია ქართველი მკითხველისთვის“, – ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, ქართულ მედიაში არის მცდელობა ვანო მერაბიშვილის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენისა და ეს ხდება არა მხოლოდ რუსულ მედიაში გამოქვეყნებული პოზიტიური მასალების თარგმნით და საქართველოში მათი ტირაჟირებით.

“პატრულის ორგანიზებული მუშაობა, ჯაშუშების  საქმე და ის, რაც კრიმინალურ ქრონიკაში შუქდება, რომ ყველა საქმე მოკლე დროშია გახსნილი –ამ ყველაფერმა შექმნა საქმის უნარიანი ადამიანის იმიჯი“ – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ვანო მერაბიშვილის განსხვავებული იმიჯი საზოგადოებამ საახალწლო იუმორისტულ შოუში იხილა, როდესაც ის ვანო ჯავახიშვილის შოუს სტუმარი იყო. 2010 წლის მანძილზე, შსს მინისტრის სახელი არაერთხელ იყო მოხსენიებული იუმორისტულ შოუებში.

„რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისათვის, რომ სანდრო გირგვლიანის ტრაგედია გადაიფაროს. მეხსიერებას დავიწყებაც ჩვევია. შესაძლოა, ხალხს გირგვლიანის ტრაგედია აღარ ამოუტივტივდეს მერაბიშილის სახელის ხსენებისას.“

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ მინისტრი ფლობს ინგლისურ ენას. რუსული ენის ფლობაზე მთავრობის გვერდი არაფერს ამბობს. თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსულად საუბრობს, ის ინტერვიუებია საკმარისი, რომლებიც რუსულენოვან მედიებში ვრცელდება.

იშვიათია ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. ამერიკულ ვაშინგტონ პოსტში, ნიუ იორკ ტაიმსსა და სიენენზე, 2010 წლით დათარიღებულ მასალებს მინისტრზე, ვერ იპოვით, ისევე როგორც – ბრიტანულ გარდიანსა და ბიბისიზე.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ბიბისის ოფიციალური ინგლისურენოვანი გვერდი, საძიებო სისტემაში ვანო მერაბიშვილს ძებნის, მაგრამ ყველაზე ახალი ინფორმაცია 2009 წლით თარიღდება. ბუშის საქართველოში ვიზიტი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ინციდენტი და თბილისის მიტინგები – ის თემებია, სადაც ვანო მერაბიშვილის კომენტარებს ვხვდებით. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა სიენენეთან, ნიუ იორკ ტაიმსთან და ვაშინგტონ პოსტთან მიმართებაშიც.

თუმცა მერაბიშვილი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც მსოფლიო არენაზე ედუარდ შევარდნაძე გააკრიტიკა. მისი ინტერვიუ 2001 წლის აპრილში ამერიკულ გამოცემა ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა. ამ პერიოდში მოქალაქეთა კავშირი რღვევას იწყებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი