ახალი ამბები

რას შეცვლიან ახალი სამარშრუტო ტაქსები

8 დეკემბერი, 2010 • • 1769
რას შეცვლიან ახალი სამარშრუტო ტაქსები

M2 ტიპის ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსები თბილისში თებერვლიდან გამოჩნდებიან. შემდეგ კი ყველა ის მიკროავტობუსი, რომელიც დადგენილ პირობებს არ დააკმაყოფილებს, უფუნქციოდ დარჩება.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად, სამარშრუტო ტაქსებს თბილისში მაქსიმუმ 5 მფლობელი ეყოლება.

ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისი-დიდგორის, გლდანი- ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის რაიონებს გამარჯვებული კომპანიები მოემსახურებიან.

თბილისის მერიის განცხადებით, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, ტენდერში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა მსურველის ანგარიშზე მინიმუმ 100 ათასი ლარი უნდა ირიცხებოდეს. ეს ერთ–ერთი პირობაა კონკურსში მონაწილეობისთვის.

კონკურსის თითო ლოტში (სულ ხუთია) მსურველს მონაწილეობისთვის აღნიშნული თანხა სჭირდება. ხოლო საკონკურსო პირობების შესრულებისათვის აუცილებელი თანხა ერთ ლოტში 800 ათასიდან იწყება და მილიონ სამასი ათას ლარამდე მერყეობს.

ამ დროისათვის მოქმედი სამარშრუტო ტაქსების ის მძღოლები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ ისინი ვერ მიიღებენ ტენდერში მონაწილეობას, რადგან მათ მონაწილეობისთვის საჭირო თანხა არ აქვთ.

აკაკი ჯოხაძე, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მძღოლები უმუშევრები არ დარჩებიან. რადგან პირველ რიგში სწორედ მათი დასაქმების ვალდებულება ექნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.

მიუხედავად ამისა, მძღოლების ნაწილი წინასწარ ღელავს.  

„სადამდეც ვიმუშავებ, ვიმუშავებ“,–ამბობს გივი, ნომერ 66 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

ის ეჭვობს, რომ მას შემდეგ, რაც სამარშრუტო ტაქსების მფლობელები შეიცვლებიან,  სამსახურის გარეშე დარჩება.

ეს არ არის ერთადერთი ეჭვი, რომელსაც მძღოლების ნაწილი გამოთქვამს.

218-ის მძღოლი, ვახტანგი, ფიქრობს, რომ ახალ სამარშრუტო ტაქსებთან ერთად, მგზავრობის ღირებულებაც გაიზრდება.

„”მგზავრობა გაძვირდება 80 თეთრიდან ერთ ლარამდე. იანვარში საწვავს გააძვირებენ. კერძო “მარშუტკებს” გააგდებენ და დარჩება სახელმწიფო “მარშუტკები,”-ამბობს ის.

ჯოხაძის თქმით, ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ არ გაძვირდება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, შიდა კონკურენციაა.

”გადაადგილების ფასის დადგენა გადამზიდავის პრეროგატივაა. ფასების მომატებას მე არ ველი. მიკროავტობუსი,  ავტობუსი და მეტრო ერთმანეთის კონკურენტია. თუ მგზავრობის ფასი მოიმატებს, მიკროავტობუსი არაკონკურენტული გახდება.”

ამის მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსების მფლობელების პრეპოგატივაა მგზავრობის ფასის დადგენა. შესაბამისად, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, უღირთ  თუ არა „კონკურენცია“ ფასის შენარჩუნებად.

ახალი ტიპის სამარშრუტო ტაქსი, საკრებულოს დადგენილებით, ემ ორი ტიპის არის. ეს არის ხუთ ტონაზე ნაკლები სიმძიმის ავტომობილი. მინიმუმ 8 ადგილის მქონე.

ეს ნორმები საკრებულომ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ”სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციდან“ აიღო.

აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ ადგილების რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის, თუმცა  ფეხზე დგომა აიკრძალება.

მერიის მონაცემებით, თბილისში ყოვედღიურად 2200 სამარშრუტო მიკროავტობუსი (ე.წ. მარშუტკა) დადის. აკაკი ჯოხაძის თქმით, 1995 წელზე ადრე გამოსული მიკროავტობუსები კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ნული ქულით შეფასდებიან.

საკონკურსო ავტობუსებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:

”ფასდება წლოვანება, ვენტილაციის სისტემა. ტექდათვალიერების შემოწმება უნდა ჰქონდეს გავლილი ავტობუსს…  ტექნიკურად უნდა იყოს გამართული. არ უნდა ჰქონდეს შიდა და გარე დეფექტი,”-ამბობს ჯოხაძე.

მერიამ უკვე შედგინა 14 –კაციანი კომისია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე უხელმძღვანელებს. ალავიძე კონკურსში გამარჯვებული კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულბების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს.

მერია აცხადებს, რომ კონკურსის მიზანი თბილისის ფარგლებში გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესებაა:

”დღე ერთია და მგზავრი ასი ათასი. მგზავრიც ამბობოდა და ჩვენც გვინდოდა, რომ წესი შეგვემუშავებინა. ჩვემი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ მომსახურებისა და სერვისის გაუმჯობესება,”- აცხადებს აკაკი ჯოხაძე.

მძღოლები ამბობენ, რომ მათ უკმაყოფილო მგზავრები არ ჰყვათ:
”ზოგიერთი ისეთი (მგზავრი) გეხვეწება ფეხზე დავდგებიო… მარა მეორეს არ აწყობს. ეს რომ ზის- ”თავზე დამადგა, ჰაერი არ მყოფნისო. ჰაერი თუ არ გყოფნის, ზღვაზე წადი… თუ არა, ტაქსით წადი… მარა, მართალია თავზე თუ დამაჯდები… მარა, როცა გეჩქარება დადექი ფეხზე.”

გამარჯვებული ხუთი კომპანია თბილისის ხუთივე ლოტზე 2011 წლის 1 თებერვლამდე გამოცხადდება. ტენდერის პირობებე ოცი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი