ახალი ამბები

საქართველო ელჩებს ცვლის

7 დეკემბერი, 2010 •
საქართველო ელჩებს ცვლის

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე მხოლოდ სამი ელჩის კანდიდატურა დამტკიცდა. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თენგიზ შარმანაშვილი იქნება, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში –ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მექსიკის შეერთებულ შტატებში –მალხაზ მიქელაძე.

ამ თანამდებობამდე შარმანაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო. მალხაზ მიქელაძე აშშ-ში საქართველოს საელჩოში დესპანის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო ბერძენიშვილი –ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე

საქართველოს დიპლომატიული სამსახური ბრაზილიის ფედერაციაში აქამდე არ მოქმედებდა.

სხვა შვიდ ქვეყანაში ელჩის კანდიდატურებს  საგარეო ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ასევე განიხილავენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  მამუკა ჟღენტის დანიშვნას. ჟღენტი ამჟამად ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ყოფილი ხელმძღვანელის ზურა ჭიაბერაშვილის მოადგილეა.

 ზურაბ ჭიაბერაშვილია კი შვეიცარიის კონფედერაციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობზეა წარდგენილი.  მისი ევროპის საბჭოში მუშაობის ვადა ამოიწურა.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვლმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, ელჩების ახალი კანდიდატურების დაყენება აუცილებელი დიპლომატიური ცვლილებებით იყო გამოწვეული.

,,ზოგან დასანიშნი იყო ახალი ელჩი, ზოგან ახლი საელჩო იხსნება, ზოგან ვადა ამოეწურათ მოქმედ ელჩებს’’, – ამბობს დარჩიაშვილი.

საპარლამენტო კომიტეტზე  კიდევ 7 ქვეყანაში საქართველოს ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე გოჩა ჯაფარიძეს არჩილ ძულიაშვილი ჩაანაცვლებს. ძულიაშვილი აქამდე ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის უფროსი მრჩეველი და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში დიპლომატიურ მისიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბადოვი უხელმძღვანელებს. აქამდე საქართველოს სლოვაკეთში ნინო ნაკაშიძე წარმოადგენდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წარდგენილი კანდიდატურით საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე იქნება. შარაშენიძეს თურქეთში კონსულის თანამდებობა ქონდა შეთავსებული.

უკვე ერთი წელია, რაც საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩი არ ყავდა. ივანე ნონიშვილმა ეს თანამდებობა 2010 წლის იანვარში დატოვა. ამის შემდეგ ამ თანამდებობაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. თუმცა მისი დანიშვნა ვერ მოხერხდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძის კანდიდატურას აზერბაიჯანმა არ მისცა თანხმობა, თუმცა ამ ვერსიას ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ.

,,ის სხვა ფუნქციებს, სხვა კომპეტენციებს შეასრულებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მას ევროპის სახალხო პარტიასთან და საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირთან ურთიერთობების კუთხით. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ამ საქმეში და ამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია დარჩეს თავის თანამდებობაზე’’,- განმარტავს დარჩიაშვილი. 

იცვლება ასევე საქართველოს ელჩი პორტუგალიაში. ამ თანამდებობაზე მამუკა კუდავას გიორგი გორგილაძე შეცვლის. გორგილაძე აქამდე შვეიცარიაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს  წარმოადგენდა.

შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილი იქნება კონსტანტინე ქავთარაძე, რომელიც პოლონეთში იყო ელჩი.

პოლონეთის რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, გაემგზავრება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკაში იყო საქართველოს ელჩი.

ელჩები, რომლთა თანამდებობესაც სხვები ჩაანაცვლებენ, სავარაუდოდ, ისევ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დასაქმდებიან.

,, არსებობს განსაზღვრული წესები. თუ ადამიანი მიჩნეულია კომპეტენტურად, წარმატებით ართმევდა საქმეს თავს, ბუნებრივია, ის ისევ დასაქმდება საგარეო პოლიტიკურ უწყებაში, ცენტრალურ აპარატში ან ელჩის თანამდებობაზე სხვა ქვეყანაში’’, – განმარტავს დარჩიაშვილი.

დარჩიაშვილის თქმით, იმ ელჩთაგან, რომელთაც შეუწყდებათ აქამდე დაკისრებული დიპლომატიური სამსახური, მათი წარუმატებელი საქმიანობის გამო, არც ერთის ჩანაცვლება არ მომხდარა. 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი