მომღერალი სოფო ბათილაშვილი, რომელმაც გამოაქვეყნა ჩანაწერი სიმღერისა „ოლე, ოლა“, 3000 ლარით დააჯარიმეს იმ საბაბით, რომ სიმღერაში უხამსი სიტყვების არსებობის გამო საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა.
გადაწყვეტილება დღეს, 12 ნოემბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
სოფო ბათილაშვილი სიმღერის ფეისბუკზე განთავსების საბაბით გასამართლდა. მომღერალი რომ მღერის, ე.წ.-მა „სქროლვა-სქრინვის სააგენტომ“ აღმოაჩინა.
შსს-ს აზრით, რომელიც „სქროლვა-სქრინვად“ წოდებულ სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოს წარმოადგენს ხოლმე სასამართლოში, ამ სიმღერას არ აქვს მუსიკალური ღირებულება — ის არის ე.წ. სიმღერა და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეურაცხყოფას ისახავს მიზნად.
ისინი სხვა სხდომებზეც მსგავს არგუმენტაციას იმეორებენ ხოლმე, სადაც ასამართლებენ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ სიმღერას აქციებზე მღერიან. მეტწილად ისე ხდება, რომ შსს ვერც ადასტურებს დემონსტრანტების მხრიდან სიმღერის ფაქტს. მტკიცებულებებად მოაქვთ 112-ის სათვალთვალო კამერების უხმო ჩანაწერები და პოლიციელების სიტყვები, როგორ დაინახეს, რომ სამართალდამრღვევი „ტუჩებს აყოლებდა“. მოსამართლეები შსს-ს არგუმენტაციას იზიარებენ.
სოფო ბათილაშვილმა სიმღერის თავისი ინტერპრეტაცია სოციალურ ქსელში 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რაც მისივე თქმით, პროტესტისა და სოლიდარობის მიზნით გააკეთა მუსიკოს კორძის მიმართ, რომელიც პროსამთავრობო პროპაგანდის და არამარტო პროპაგანდის მხრიდან თავდასხმების სამიზნე გახდა ამ სიმღერის გამო. ასევე, სოლიდარობისთვის იმ აქტივისტების მიმართ, რომელთაც ამ სიმღერის აქციებზე გაჟღერებისთვის ასამართლებენ.
80-იანი წლების საფეხბურთო ჰიმნი, რომელიც ბელგიაში შეიქმნა, სულ მალე ესპანეთის გავლით მთელ მსოფლიოს მოედო- ჯერ სტადიონებზე, შემდეგ უკვე ფესბურთის მიღმაც. მუსიკოს კორძის ეს ვერსია საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროტესტის ერთგვარ ჰიმნად იქცა, რასაც სიმღერის მზარდ პოპულარობასთან ერთად მოჰყვა კორძის წინააღმდეგ წარმოებული პროსამთავრობო კამპანიის გააქტიურება.
166-ე მუხლი, რომლითაც აქტივისტებს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო ედავებიან, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, ერთხელ უკვე სახდელდადებული პირი დაჯარიმდება 3000-დან 5000-მდე ლარით, ან დააპატიმრებენ 5-დან 60 დღემდე ვადით.
აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება.
სოფო ბათილაშვილის პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:
აქამდე „ოლე-ოლას“ სიმღერის საბაბით დაჯარიმებულ აქტივისტებს შორის არის სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი (3000 ლარით), რომელიც ამბობდა, რომ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში ერთგან საერთოდ არ ჩანდა, მეორეგან კი მეგობარს ესაუბრებოდა. თუმცა ,შსს-ს მტკიცებით, ის ტუჩებს ამოძრავებდა და მღეროდა. ამავე საბაბით დაჯარიმდა ასევე სინდისის ყოფილი პატიმარი თორნიკე თოშხუა (5000 ლარით).
11 ნოემბერს ბათილაშვილის მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ასევე დაიწყო პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ანა ყურაშვილისა და აქტივისტ ანა ბდეიანის საქმეების განხილვა, რომელთაც ასევე ორ სხვადასხვა დღეს „ოლე-ოლას“ სიმღერას ედავებიან, ოღონდ- აქციაზე საკრებულოსთან. მათი საქმეების განხილვა 19 ნოემბერს გაგრძელდება.
ნახეთ ნეტგაზეთის ვიდეო, რომელშიც სოფო ბათილაშვილი პროტესტში საკუთარ გზაზე და არტისტის როლზე გვიყვება.
