„ევროსკოპის“ წყაროს ინფორმაციით, 16 ნოემბერს, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული.

მინისტერიალზე საქართველო გასულ წელსაც ელჩის დონეზე მიიწვიეს.

დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა:

„თუ ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული საქართველო რაიმე ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, იქ ჩვენ არ მივალთ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე“, – ამბობს კობახიძე.


2025 წლის 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაკავშირებადების საკითხებზე საქართველო მინისტრის დონეზე არ იყო მიწვეული.  მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ საქართველო მხოლოდ ელჩის დონეზე იყო მიწვეული და „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ლუქსემბურგში არ ეპატიჟებოდნენ.

მაშინ სამინისტრომ განაცხადა, რომ „საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადების საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე“ ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელი იყო.

იმის გამო, რომ მინისტრი არ მიიწვიეს, თბილისმა მინისტერიალზე ელჩიც არ გაგზავნა.