საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია.
უფლებადამცველი ორგანიზაციის ვრცელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები არასაკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულის დასადასტურებლად. ამასთან, საია ხაზგასმით მიუთითებს, რომ სხვა ბრალდებულთა აღიარებები და მათთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები ვერ ჩაანაცვლებს მანჯგალაძის ინდივიდუალური ქმედებისა და დანაშაულებრივი განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
2025 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით ბრალი წარუდგინა ხუთ პირს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს.
პროკურატურის ვერსიით, 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართული აქციისას ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა დაგეგმეს, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან დაპირისპირება მოჰყვა.
საიას შეფასებით, პროკურატურა აგრძელებს ბრალის ინდივიდუალიზაციის “საგანგაშო ტენდენციას”. ბრალდების დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება მიესადაგება უშუალოდ მანჯგალაძის ქმედებას. ბრალდების მხარემ ერთმანეთისგან ვერ გამიჯნა პირის პოლიტიკური აქტივობა, საპროტესტო აქციასთან ორგანიზაციული კავშირი და უშუალოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ინდივიდუალური მონაწილეობა.
საიას ანგარიშში დეტალურადაა განხილული მტკიცებულებითი ხარვეზები, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, პირველი ინსტანციის განაჩენის დასაბუთებულობას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, საიას მოკვლევით საქმის მასალებში არ მოიპოვება ვიდეოჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის ყოფნას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ან მის კავშირს ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან. თავად მანჯგალაძემ განმარტა, რომ თავისუფლების მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შვილთან შესახვედრად წავიდა, რაც ბრალდების ვერსიას დამოუკიდებელ დასაყრდენს აცლის.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ პოლიტიკურ განცხადებებს მითითებული არ აქვს თარიღები. საიას შეფასებით, დროითი კონტექსტის გამოტოვება ქმნის რისკს, რომ წარსულში გაკეთებული განცხადებები ხელოვნურად დაუკავშირდეს 4 ოქტომბრის მოვლენებს, რაც ემსახურება „მტკიცებულებითი ილუზიის“ შექმნას და ბრალდების მხარის კეთილსინდისიერების სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს.
პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ბრალდების ბუნდოვანებასა და მტკიცებულებათა ნაკლებობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, პირის აქციის ორგანიზატორად დასახელება, ინდივიდუალური ქმედებისა და შესაბამისი განზრახვის დადგენის გარეშე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარისი არ არის.
საიას ანგარიშშიც ხაზგასმულია, რომ საქმეში არ იკვეთება მანჯგალაძის პირდაპირი განზრახვა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან იცოდა ძალადობრივი მოქმედების გეგმის შესახებ, მონაწილეობდა მის შემუშავებაში, იძლეოდა მითითებებს ან ახორციელებდა პროცესის კოორდინაციას.
ანგარიშში ცალკე ყურადღება ეთმობა საქმეზე სხვა ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმებების გაფორმებასა და აღიარებით ჩვენებებს. უფლებადამცველთა განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ინდივიდუალური ხასიათისაა და თითოეული პირის ბრალი მხოლოდ მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებებით უნდა ფასდებოდეს.
საიას შეფასებით, სხვა ბრალდებულთა მიერ ბრალის აღიარება ან საპროცესო შეთანხმების დადება შესაძლოა განპირობებული იყოს არა რეალური ობიექტური გარემოებებით, არამედ მკაცრი სასჯელისა და ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის შიშით; საქმის განხილვის პროცესის გაჭიანურებით; სასამართლო პროცესისა და საქმის სამართლიანი განხილვის მიმართ არსებული უნდობლობით.
შესაბამისად, საიას შეფასებით, სხვა პირების მიმართ გამოტანილი განაჩენები და მათი აღიარებები ვერ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ პაატა მანჯგალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია.
საიას განცხადებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის განაჩენი არსებით მტკიცებულებით წყვეტას შეიცავს, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას კრიტიკულად უნდა შეამოწმოს ქვედა ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოებები.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა მოახდინოს განაჩენის დასაბუთების ინდივიდუალიზაცია, მკაფიოდ განმარტოს, რა კონკრეტული ქმედებითა და მტკიცებულებით დასტურდება მანჯგალაძის ინდივიდუალური წვლილი და განზრახვა. ასევე გამიჯნოს აქციაზე ყოფნა ძალადობის ორგანიზებისგან, რადგან სცენაზე დგომა ან პოლიტიკური განცხადებები ავტომატურად არ ნიშნავს ძალადობრივი ქმედებების ხელმძღვანელობას. ამასთან, სააპელაციომ უნდა უზრუნველყოს დაცვის არგუმენტების სრულყოფილი შეფასება, სათანადო ყურადღება დაუთმოს იმ გარემოებებსა და მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების ვერსიას.
უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ხელოვნური ცვლილების მანკიერი პრაქტიკისგან და, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.
სრულად საიას ანგარიში წაიკითხეთ ამ ბმულზე.
