პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა პენიტენციურ სამსახურთან აქცია გამართეს. მოგვიანებით მათ მსვლელობით გადაინაცვლეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. დავითაძე ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე- რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.

ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ოჯახი პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვს. მათ დღეს ტელევიზიას ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს:

„გთხოვთ, დაგვითმოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი მის საქმესთან, ციხეში წამებასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა აშუქებდეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პატიმარზე ძალადობას. მოვითხოვთ, დროულად მოახდინოთ რეაგირება“, – წაიკითხა აქციაზე თინათინ ბერძენიშვილის სახეზე დაწერილი განცხადება გიორგი დავითაძის მამამ.


პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.