საის განცხადებით, მათ ადვოკატს, ჯუბა ქათამაძეს, უფლება არ მისცეს ციხიდან გამოეტანა გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.
საის ცნობით, მათი ადვოკატი დავითაძეს რუსთავის N6 დაწესებულებაში დღეს, 7 ოქტომბერს, შეხვდა.
„საია საზოგადებას აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში საიას ადვოკატისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის საგანგაშო ფაქტის შესახებ.
დღეს საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შესახვედრად. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გ. დავითაძე მიუთითებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის გაუპატიურებაზე. შესაბამისად, საია, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია, პატიმარს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება“, – აცხადებს საია.
საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას.
„ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია.
პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით. იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს“, – აცხადებს საია.
როგორც საია აცხადებს, მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ.
საიას განცხადებით, ადვოკატი იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება
„ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.
საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება“, – აცხადებს საია.
საია მოითხოვს:
- საქართველოს სახალხო დამცველისგან – დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი;
- პროკურატურისგან – დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.
როგორც საია აღნიშნავს, ორგანიზაციის წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც.
„ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის.
დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია.
აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას“, – აცხადებს საია.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.
