„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი 26 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების მატჩის დროს გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. კახიშვილის შეფასებით, მომხდარი სერიოზულ კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დათანხმდა საქართველო იმ უსაფრთხოების რისკების საკუთარ თავზე აღებას, რომელთა თავიდან აცილებაც თურქეთმა და უნგრეთმა გადაწყვიტეს.

როგორც ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, გაცილებით მეტი ფინანსური და ოპერატიული რესურსის მქონე თურქეთმა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე სტამბოლში ამ მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა, ხოლო უნგრეთმა 2024 წელს ანალოგიური შეხვედრა მაყურებლის გარეშე გამართა. ამ ფონზე კახიშვილი გაუგებრად მიიჩნევს, რა ლოგიკით გადაწყდა მატჩის მაყურებლის თანდასწრებით ჩატარება ბათუმში, თურქეთის საზღვართან ახლოს.

„გაუგებარია, რა ლოგიკით და რა სახელმწიფოებრივი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ ბათუმში ამ მატჩის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას? აცნობიერებდნენ თუ არა, რომ ამ გადაწყვეტილებით თავადვე ქმნიდნენ იმ საფრთხეს, რომლის თავიდან აცილების აუცილებლობაზეც მუდმივად საუბრობენ?“ — წერს კახიშვილი.

კახა კახიშვილის განცხადებით, საკითხის შეფასება მხოლოდ პოლიციის მოქმედებების განხილვით არ უნდა შემოიფარგლოს და საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს შემდეგ კითხვებზე: კონკრეტულად რომელმა უწყებებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება და რა როლი ჰქონდათ ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროს (ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას) და საგარეო საქმეთა სამინისტროს? მონაწილეობდნენ თუ არა შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რისკების წინასწარ შეფასებაში, თუ ეს უწყებები უბრალოდ ფაქტის წინაშე დააყენეს? ვინ გასცა უსაფრთხოების გარანტიები და რატომ არ შეირჩა მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების ფორმატი? შეფასდა თუ არა თურქეთ-ისრაელის დაძაბული ურთიერთობების, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის, თურქეთის საზღვრის სიახლოვისა და შესაძლო რელიგიური თუ ნაციონალისტური პროვოკაციების საფრთხეები? რა ეკონომიკურ, ტურისტულ თუ დიპლომატიურ სარგებელს ელოდნენ მატჩისგან და ვინ აგებდა პასუხს იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება საქართველოს, თურქეთის ან ისრაელის მოქალაქეების დაღუპვით დასრულდებოდა?

კახიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს უეფას როლზე და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინიციატივა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციისგან მოდიოდა, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა საქართველოს შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობაა.

მისი თქმით, მიზანი არა მხოლოდ უკვე მომხდარ შეცდომებზე მითითება, არამედ მომავალში საფრთხეების წინასწარი პრევენციაა.

„საქართველო არ უნდა იქცეს სხვა სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური, ეროვნული თუ რელიგიური დაპირისპირების ასპარეზად. არცერთი საფეხბურთო მატჩი, ტურისტული შემოსავალი თუ დიპლომატიური ინტერესი არ ღირს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლის ფასად“, — აცხადებს კახა კახიშვილი.


შსს უარს აცხადებს, გაუმხილოს მედიას 26 ნოემბრის არეულობისას ბათუმში დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თუ ადმინისტრაციული.

არეულობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, 27 ნოემბერს ღამის 01:36-ზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დაკავებულის შესახებ გაავრცელა განცხადება. შსს-ს მიერ გავრცელებულ პრაქტიკულად ყველა სხვა მსგავსი ტიპის განცხადებაში მითითებულია სავარაუდო დანაშაულის მუხლი და შესაძლო სასჯელის ზომა. ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით უწყებას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ნეტგაზეთი დეტალების დასაზუსტებლად შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელს არც მუხლი დაუდასტურებია და არც ის დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობდა თუ ადმინისტრაციულით.

თურქული მედიის ცნობით დაკავებულები მალევე გაათავისუფლებს. შსს-ში არც ამ ცნობაზე გაუკეთებიათ კომენტარი.

26 ნოემბერს, ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და ის პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე ფანები.