სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, მარატ კამბოლოვის განცხადებით, “ჩეჩნეთის რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს”.

ამის შესახებ კამბოლოვმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვისთვის 5 ოქტომბერს გაგზავნილ საიუბილეო მილოცვაში განაცხადა. წერილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს უწევს, ჩვენი ხალხების სოლიდარობის, ურთიერთპატივისცემისა და ძმური მხარდაჭერის ნამდვილ გამოხატულებად იქცა“, – თქვა კამბოლოვმა.

კამბოლოვმა ასევე აღნიშნა, რომ კადიროვის საქმიანობას ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე „მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რუსეთის ფედერაციის ერთიანობისა და უსაფრთხოების განვითარებასა და განმტკიცებაში“.

ამასთან, კამბოლოვის განცხადებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა სახის დახმარებას ან რა პროექტებს გულისხმობს ჩეჩნეთის მხრიდან გაწეულ სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში.