პანკისის ხეობაში 2014 წლიდან მოქმედი „ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი“, ადგილობრივი მერიის მოთხოვნის შემდეგ, შენობას ტოვებს.
ცენტრს “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF)” ამუშავებდა.
ცენტრის ხელმძღვანელმა, იზა ბექაურმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ მერიამ საიჯარო ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, გუშინ დილით კი ფართის დაცლის მოთხოვნით ოფიციალური წერილი მიიღო.
ბექაურის განმარტებით, ახალი კანონების [საუბარია რეპრესიულ კანონებზე, რომლებმაც შეზღუდა დაფინანსების მოძიება უცხოური გრანტების მეშვეობით. ნეტ] ამოქმედების გამო, ცენტრმა მუშაობა ჯერ კიდევ 28 თებერვლიდან შეაჩერა, თუმცა საქმიანობის აღდგენაზე ხელი არ ჩაუქნევია და ელოდებოდა ქვეყანაში გარემოს შეცვლას. მისი თქმით, ორგანიზაციას ჰქონდა მოლოდინი, რომ სიტუაციის შეცვლამდე მერია მათ დროებით შენობაში დარჩენის საშუალებას მისცემდა, თუმცა ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ იძულებულნი არიან, შენობიდან ინვენტარი გაიტანონ.
„აქ წელიწადში 150-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა ინგლისურსა და კომპიუტერს. ასევე, პროფესიას ეუფლებოდნენ ქალები და ტარდებოდა სხვადასხვა ტრენინგები. მინდა მივმართო იმათ, ვინც ამ შენობაში მოდიოდა ბავშვებთან შეხვედრებზე, ფსიქოლოგებს თუ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მათ იციან, რა ხდებოდა ამ ცენტრში და როგორი სიცოცხლე იყო“, — აღნიშნავს იზა ბექაური.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ორგანიზაციის კი არა, პირადად მის წინააღმდეგ არის მიმართული და ამ ფორმით მას ებრძვიან.
„ერთი ხელის მოსმით არ ებრძვიან ორგანიზაციას, პირადად მე, იზა ბექაურის გულისთვის უნდათ, რომ ეს შენობები დავცალო. კი ბატონო, დავცლი, გავდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პანკისიდანაც გამაგდებთ, როგორც ამ შენობიდან. მე პანკისში დედა მყავს დაკრძალული და პანკისის დაკარგვას არ ვაპირებ“, — აცხადებს ბექაური.
ვიდეომიმართვის დასასრულს იზა ბექაურმა ცენტრის ყოფილ მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს მიმართა. მან კატეგორიულად გამორიცხა ცენტრის ბაზაზე რაიმე სახის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და აღნიშნა, რომ დაწესებულებაში არც ბავშვები და არც თანამშრომლები არასდროს ყოფილან იძულებით ჩართულნი პოლიტიკურ აქტივობებში.
ამ დროისთვის „ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრის“ შენობის დაცლის პროცესი მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რის განთავსებას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება გამოთავისუფლებულ ფართში.
“კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF)” დუისისა და ჯოყოლოს საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრები 2009 წლიდან მუშაობდა პანკისის ხეობაში და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციას უწყობდა ხელს.
საგანმანათლებლო ცენტრები იყო ადგილი, სადაც პანკისის ხეობის 17 სოფლიდან მოსწავლეებს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ცოდნა გაეღრმავებინათ შემდეგ საგნებში: ქართული ენა, ისტორია, უნარ-ჩვევები, მათემატიკა, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ინგლისური ენა, ხელოვნება და კულტურა. ასევე ესწავლათ: IT პროგრამები, კულინარია, ჭრა-კერვა, თექის მოთელვა, თიხასთან მუშაობა, ცეკვა, ფოლკლორი.
