ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის 300 მოსწავლე 5 წელია შენობის გარეშეა. ახალი შენობის ასაშენებელი სამუშაოები კი ჯერ კიდევ განხილვის ქვეშაა და ნოემბრამდე არ დაიწყება.
სამუშაოები სკოლის ეზოში არსებული დაუსრულებელი რკინა-ბეტონის ფილის დემონტაჟს გულისხმობს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განსახილველ განცხადებებში გვხვდება მუნიციპალური განვითარების ფონდის „გადაუდებელი აუცილებლობით“ ნაკარნახევი განცხადება, რომლის მიხედვითაც ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ახლაღა განიხილება სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ადგილის გათავისუფლების მიზნით.
სამუშაოები 2 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე ვადაში უნდა შესრულდეს. შესყიდვის ღირებულება 109409.6 ლარია.
შეთანხმების განხილვის ბოლო ვადად 7 ოქტომბერია მონიშნული.
„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სკოლის მშენებლობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, ხოლო არსებული დაუსრულებელი რკინა-ბეტონის ფილის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია სამშენებლო ტერიტორიის სრულად გათავისუფლება და ახალი სკოლის მშენებლობის დაწყება. მუნიციპალიტეტისა და სასკოლო საზოგადოების ინტერესების, ასევე მოსწავლეებისთვის სათანადო საგანმანათლებლო გარემოს დროულად უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, დემონტაჟის სამუშაოების დაუყოვნებლივ განხორციელება აუცილებელია.
[…] გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სკოლის მშენებლობა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო“, — ნათქვამია განცხადების ტექსტში.
ქართლის ამბების ცნობით, ხაშურის მეოთხე სკოლის ბავშვები 2021 წლიდან მეშვიდე სკოლაში იყვნენ შეხიზნულები, თუმცა მათ იქიდანაც ასახლებენ.
ბავშვები სწავლას ხაშურის I საჯარო სკოლაში გააგრძელებენ, თუმცა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებამდე, დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
