კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ღონისძიებაზე (Welcome Party-ზე) რამდენიმე სტუდენტი ცუდად გახდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის გამო კლინიკაში გადაყვანა 5-მდე სტუდენტს დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სასმელში „გაურკვეველი ნივთიერების ჩაყრამ“ გამოიწვია.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კავკასიის უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

უნივერსიტეტის განცხადებით, პირველკურსელთა წვეულებაზე რამდენიმე სტუდენტი ალკოჰოლური თრობის შედეგად შეუძლოდ გახდა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.