კავკასიის უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

უნივერსიტეტის განცხადებით, პირველკურსელთა წვეულებაზე რამდენიმე სტუდენტი ალკოჰოლური თრობის შედეგად შეუძლოდ გახდა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

„კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.

მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ღონისძიებაზე (Welcome Party-ზე) რამდენიმე სტუდენტი ცუდად გახდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის გამო კლინიკაში გადაყვანა 5-მდე სტუდენტს დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სასმელში „გაურკვეველი ნივთიერების ჩაყრამ“ გამოიწვია.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.