დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ისინი საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
სანქცირებულთა შორის არიან მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და ასევე სერგეი ტოლმაჩოვი [რუსი პოლიტიკოსი და პოლიტტექნოლოგი, რომელიც აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე მუშაობდა], რომლებიც, ბრიტანეთის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არიან დაკავშირებული.
ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უგულებელყოფაში გამოიხატება. ლონდონი ამ კონტექსტში საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასაც ასახელებს.
„დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების გზით“, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ლონდონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო.
ბრიტანეთის მთავრობის უფრო ფართო სანქციების პაკეტი, რომელიც 1 ოქტომბერს გამოცხადდა, მიმართულია რუსეთის შემოსავლების, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, კრემლის დეზინფორმაციული ქსელებისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე პირების წინააღმდეგაც.
